Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო განმარტავს, რატომ არ ცნო დაზარალებულად 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირი


თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებაში აღნიშნულია, რომ პირის დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიადგა პირს ზიანი:

„სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს და თანდართულ მასალებს, შეისწავლა საქმის ყველა გარემოება, შეაფასა გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგები, ასევე, მომავალში ჩასატარებელი საგამოძიებო მოქმედებების აუცილებლობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი და პირის ბრალდებულად ცნობისათვის აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი თანაბარია, მაგრამ პირის დაზარალებულად ცნობა არ არის დამოკიდებული სს საქმეში კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის საკმარის მტკიცებულებათა მოპოვებასთან. ასევე, აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ, რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი“, - აღნიშნულია განმარტებაში, რომელშიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 20-21 ივნისის აქციის საქმეზე მაკო გომურისა და 15 პირის დაზარალებულად ცნობის საჩივრის დაუკმაყოფილებლობის მიზეზებია ახსნილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თანახმად, საქმეზე კვლავ მიმდინარეობს გამოძიება, ჩასატარებელია საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებები და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში დაზარალებულად ცნობის საკითხი შემდგომში კვლავ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.

დაზარალებულების სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2019 წლის 11 ოქტომბერს, მას შემდეგ მიმართა, რაც პროკურატურამ მათ სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა.

საის განმარტებით, სასამართლოს მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან და დაუსაბუთებელი და უკანონოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG