Accessibility links

ახალგორში ჰუმანიტარული კრიზისის შედეგები უცხოელ დიპლომატებს გააცნეს


ახალგორი

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ. საზღვრის დაკეტვით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია შეხვდა ევროკავშირის, აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, საოკუპაციო რეჟიმის უკანონო და პროვოკაციული ქმედებების შედეგია სოფელ იკოთის მკვიდრის, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა, რომ მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების დაუყოვნებლივ აღდგენის აუცილებლობას.

უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრაზე განიხილეს რუსეთის და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირებული უკანონო და პროვოკაციული ქმედებები, რაც იწვევს ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ისედაც მძიმე მდგომარეობის უკიდურესად გაუარესებას და მიზნად ისახავს ვითარების ესკალაციას და საქართველოზე ზეწოლას.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ უკანონო და პროვოკაციული ნაბიჯების შეწყვეტის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული საკითხების უპირობო გადაწყვეტისთვის კონსტრუქციული ჩართულობის აუცილებლობას.

თავის მხრივ, უცხოელმა დიპლომატებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ. მათი პოზიციაა, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ქმედითი ნაბიჯები არსებულ გამოწვევებთან გამკლავების, ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში პროგრესის მიზნით.

ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ იკოთის მკვიდრი მარგო მარტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ, ინსულტის დიაგნოზით ცხინვალის საავადმყოფოში მოათავსეს, 28 ოქტომბერს გარდაიცვალა. ოჯახს სურდა, რომ მარგო მარტიაშვილი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე კლინიკაში გადაეყვანა, თუმცა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე არ გაუშვა.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრიდანაა დაკეტილი. ადგილობრივი მცხოვრებნი, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, იძულებულნი არიან ჯერ ცხინვალიდან გამოძახებულ ავტომანქანას დაელოდონ, შემდეგ კი, საკმაოდ რთული გზით, დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში იმგზავრონ ცხინვალის საავადმყოფომდე.

ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო ადგილობრიც მოსახლეობას შეზღუდული აქვს თავისუფალი წვდომა საქართველოს მოქალაქის პენსიაზე, პროდუქტებსა და მედიკამენტებზე.

ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დე ფაქტო ხელისუფლების ერთ-ერთი პასუხია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG