Accessibility links

ახალი ამბები

მღვდელმონაზონი ანდრია სარია: პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე უარი მიიღო

მღვდელმონაზონ ანდრია სარიას თქმით, ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ საპატრიარქოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მისი თხოვნა, დარჩენილიყო ჭყონდიდის ეპარქიაში, ილია მეორემ არ დააკმაყოფილა. პეტრე ცაავა შიომღვიმის მონასტერში წასვლის ნაცვლად, ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის მონასტერში განწესებას ითხოვდა.

„საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

მისივე განცხადებით, „საპატრიარქო და ხელისუფლება რამდენსაც არ უნდა ცდილობდნენ, მოქალაქეების აქტიური ნაწილი არ დაივიწყებს მეუფე იაკობის მხრიდან გაკეთებულ მარგინალურ განცხადებებს“.

„ვფიქრობ, რომ დღეს, როგორც არასდროს, საზოგადოება მოტივირებულია, რომ პასუხები მიიღოს კითხვებზე. შესაბამისად, როდესაც ჩვენ კონკრეტულ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ავტორიტეტებზე, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ და ვთქვა, რომ არ არსებობს უპირობო ავტორიტეტები. როდესაც კითხვები არის, პასუხებია საჭირო“, - განაცხადა მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ.

პეტრე ცაავას 31 ოქტომბერს, სინოდის კრებაზე შეუჩერეს მღვდელმთავრის სტატუსი და მოსანანიებლად შიომღვიმის მონასტერში მიუჩინეს ადგილი. მიტროპოლიტი ეპარქიაში დარჩენას და ინჩხურის მონასტერში ყოფნის უფლებას ითხოვდა. სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ, 31 ოქტომბერს, მან პატრიარქი „პიდარასტიაში“ ამხილა.

ყველა ახალი ამბავი

კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთს ტემპერატურის მატება აღენიშნება

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულთაგან ერთ-ერთ პაციენტს ტემპერატურის მცირე მატება აღენიშნება, ხოლო ორს კლინიკური სიმპტომები არ აქვს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერვაძე შენიშნავს, სამივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„გუშინ აღებული მასალის გამოკვლევებით დადასტურდა კორონავირუსით ინფექციის მესამე შემთხვევა. ეს არის საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც იმოგზაურა ირანში, ქალაქ ყუმში. ეს შემთხვევა პირველი შემთხვევის ანალოგიურია. ეს უკვე სერიოზული კერაა და ირანიდან ჩამოსული ყველა ადამიანი იქნება განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ტემპერატურის მცირე მატება 37.1, ხოლო მამაკაცებს, ანუ პირველ და მესამე შემთხვევებს - არანაირი კლინიკური სიმპტომები, მათ შორის არც ტემპერატურის მატება არ აღენიშნებათ. ამის მიუხედავად, ისინი ძალიან მჭიდრო კლინიკური მონიტორინგის და მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ახალი კორონავირუსით ინფექციას აქვს ერთი ვერაგი თვისება, რითაც ის განსხვავდება სხვა რესპირაციული ინფექციებისგან - ეს დაავადება ხშირად მიმდინარეობს მსუბუქად ან უსიმპტომოდ, შეიძლება დაიწყოს უსიმპტომოდ და შემდეგ დამძიმდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა. მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. მესამე ინიფიცირებული მამაკაციც საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში იმყოფებოდა.

გამოცდისას აფეთქდა ილონ მასკის კომპანიის რაკეტა Starship-ის მეორე პროტოტიპი

იოლან მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა Starship-ის პროტოტიპი ტეხასში პოლიგონზე აფეთქდა გამოცდის დროს. ტრანსლაციას აწარმოებდა არხი NASASpaceflight-ი.

წინასწარი მონაცემებით, ავარია მოხდა რაკეტის ავზში თხევადი აზოტის საცდელი ჩატუმბვისას. ავზი აფეთქდა, რამდენიმე მეტრი იფრინა და მიწაზე დაეცა.

ანალოგიური ინციდენტი მოხდა რაკეტის წინა პროტოტიპის გამოცდისას ნოემბერში. მაშინ საწვავის ჩატუმბვისას გასკდა ჟანგბადის ავზი. კომპანიაში განაცხადეს, რომ გამოცდის მიზანი იყო სისტემებში წნევის კრიტიკულ დონემდე გაზრდა, ამიტომ შედეგი ინჟინრებისთვის სრული მოულოდნელობა არ ყოფილა.

SpaceX-ი Starship-ს ავითარებს მთვარესა და მარსზე ხალხის გადასაყვანად. კონსტრუქტორთა ჩანაფიქრით, რაკეტა მთლიანად მრავალჯერადი მოხმარების უნდა იყოს და ორბიტაზე უნდა გაიყვანოს ას ტონაზე მეტი ტვირთი. ილონ მასკის თქმით, მომავალში ის გეგმავს რაკეტის გამოყენებას კაცობრიობის მიერ მარსის კოლონიზაციისთვის.

თბილისის ბაგა-ბაღებში ორკვირიანი არდადეგები გამოცხადდა

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო გადაწვეტილება შეაჩეროს აღმზრდელობითი პროცესი 2 მარტიდან 16 მარტამდე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ასევე გადაწყდა, რომ პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რისთვისაც საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

მოსკოვში მიმდინარეობს ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში

მოსკოვში დაიწყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში.

ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, კრემლის მახლობლად, მოსკვორეცკის ხიდზე. გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში ყოველ წელს იმართება მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში.

როგორც ბორის ნემცოვის ყოფილმა ადვოკატმა და მოკლული პოლიტიკოსის ქალიშვილის წარმომადგენელმა, ვადიმ პროხოროვმა სააგენტო ТАСС-ს უთხრა, მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორის, რუსლან მახუდინოვის დაკავება შესაძლებელი იყო ქალაქ ახალ ურენგოიში. პროხოროვის მონაცემებით, დამნაშავეს შეეძლო სტუმრებოდა ამ ქალაქს ყალბი საბუთებით.

სააგენტოს მოჰყავს ადვოკატის სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, ნემცოვის მკვლელობის გამოძიების ვადა გაგრძელდა 2020 წლის მაისამდე, თუმცა, ამის მიუხედავად, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდება.

2017 წლის ივნისში სასამართლომ ყოფილ ჩეჩენ სამხედრო მეთაურს, ზაურ დადაევს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით. კიდევ ოთხი ჩეჩენი ცნეს მკვლელობასთან კავშირში დამნაშავედ და მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. კრიტიკოსები, მათ შორის ნემცოვის კოლეგები და ახლობლები, ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. გამოითქვა ეჭვი, რომ მკვლელობა დაუკვეთეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოესი წრიდან.

ბორის ნემცოვის ხსოვნის პირველი მარში გაიმართა 2015 წელს, მკვლელობიდან მეორე დღეს და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ათას ადამიანზე მეტმა. შარშან, მოსკოვში ნემცოვის ხსოვნის მარშზე დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გამოვიდა.

ერდოანი დაიმუქრა, რომ ევროპისკენ გაატარებს სირიელ ლტოლვილებს

რეჯეპ ტაიპ ერდოანი

არანაკლებ 18 ათასამდე ლტოლვილმა მოიყარა თავი თურქეთსა და ევროკავშირს შორის საზღვარზე სირიის პროვინცია იდლიბში ვითარების გამწვავების გამო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა განაცხადა.

პარასკევს ღამით საბერძნეთის პოლიციამ სირიელი ლტოლვილების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა თურქეთის საზღვარზე, იტყობინება როიტერსი. თვითმხილველთა თქმით, ლტოლვილები პოლიციას ქვებს ესროდნენ და საბერძნეთის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა მზადაა, ქვეყნის სამხრეთში უსაფრთხო ზონა შექმნას მილიონი ლტოლვილისთვის. ამასთან, ერდოანი დაიმუქრა, რომ ლტოლვილებს გერმანიაში გაგზავნის, თუკი ბერლინი არ შეასრულებს დაპირებას მიგრანტთა ბანაკების დაფინანსების თაობაზე.

უკანასკნელ დღეებში იდლიბში გამწვავდა დაპირისპირება სირიის ოპოზიციასა და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ჯარებს შორის. ათასობით სამოქალაქო პირმა დატოვა სახლები და თურქეთისკენ გაეშურა. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ვერ შეძლებს ლტოლვილთა ტალღის შეკავებას, თუკი ისინი ევროპისკენ სვლას გააგრძელებენ. ამ განცხადებების შემდეგ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა ქვეყნის სამხრეთ საზღვრების დაცვის გაძლიერების შესახებ.

პრინსტონში გარდაიცვალა ფრიმენ დაისონი, კვანტური ელექტროდინამიკის თეორეტიკოსი

ცნობილი ამერიკელი ფიზიკოს-თეორეტიკოსი გარდაიცვალა 96 წლის ასაკში, პრინსტონში, ნიუ-ჯერსის შტატში.

ფრიმენ დაისონი დაიბადა 1923 წლის 15 დეკემბერს ბრიტანელი კომპოზიტორის, ჯორჯ დაისონის ოჯახში. კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, იქვე დარჩა სამუშაოდ 1946-1949 წლებში. აშშ-ში გადასვლის შემდეგ იყო ჯერ კორნელის, შემდეგ პრინსტონის უნივერსიტეტისა და პერსპექტიული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი.

როგორც ასტროფიზიკოსი, სწავლობდა პულსარებსა და ნეიტრონულ ვარსკვლავებს, რის შედეგადაც შექმნა დაისონის სფეროს კონცეფცია - ჰიპოთეტური ნაგებობა - დიდი რადიუსის (პლანეტების ორბიტების რიგის) სფეროს თხელი გარსი ცენტრში ვარსკვლავით. იდეას მეცნიერი დაესესხა მწერალ ოლაფ სტეპლდონს (Olaf Stapledon), ავტორს წიგნისა „ვარსკვლავების შემქმნელი“ ("Star Maker"). ჩანაფიქრი ეყრდნობოდა იმ დაშვებას, რომ განვითარებულ ცივილიზაციას შეუძლია ცენტრალური ვარსკვლავის ენერგიის სრული მიღება დაისონის სფეროს გამოყენებით და ამ გზით შესაძლებელია გადაიჭრას სასიცოცხლო სივრცის პრობლემა. დაისონის შეთავაზება მდგომარეობს იმაში, რომ მიწიერი ცივილიზაციების ძებნისას უნდა დავეყრდნოთ ამ დაშვებას.

XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევარში ფრიმენ დაისონი დათანხმდა ბირთვული და თერმობირთვული ტექნოლოგიების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტის, ტედ ტეილორის შეთავაზებას, მონაწილეობა მიეღო პროექტ „ორიონის“ დამუშავებაში.

„ორიონი“ - ეს არის კოსმოსური ხმალდი ბირთვულ-იმპულსური ძრავით, რომლის მუშაობის პრინციპში ჩადებულია ბირთვული აფეთქების შედეგად გამოყოფილი ენერგიის მოხმარება.

ცდების დროს რამდენიმე მოდელი განადგურდა, მაგრამ ერთი, 100-მეტრიანი ფრენა, 1959 წლის ნოემბერში, წარმატებული გამოდგა, რამაც აჩვენა, რომ ბირთვულ-იმპულსური ფრენა შესაძლებელია იყოს მდგრადი. ეს მოდელი დღესაც ინახება ვაშინგტონში, ავიაციის ეროვნულ მუზეუმში.

მაიკ პომპეო დოჰაში ჩავიდა, რათა თვალყური ადევნოს თალიბებთან შეთანხმების ხელმოწერას

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო დოჰაში ჩავიდა, რათა თვალყური ადევნოს თალიბებთან შეთანხმების ხელმოწერას, რამაც შესაძლოა ბოლო მოუღოს ავღანეთის კონფლიქტს. აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და თალიბანის წარმომადგენლებს შორის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართება ყატარში.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 თებერვალს განაცხადა, რომ პომპეო თალიბებთან შეთანხმების ხელმოწერის მეთვალყურეობისთვის გაიგზავნა.

ერთი კვირის წინ თალიბებმა ვალდებულება იკისრეს, შეამცირონ ძალადობა. ხელმოწერილი გეგმის თანახმად, აშშ-მა დაახლოებით 13000-დან 8600-მდე უნდა შეამციროს ავღანეთში თავისი სამხედროების რაოდენობა.

თავის მხრივ, თალიბებმა პირობა დადეს, რომ ექსტრემისტებს არ მისცემენ უფლებას, ქვეყანა გამოიყენონ პლაცდარმად აშშ-ზე ან კოალიციურ ძალებზე თავდასხმებისთვის და რომ მოლაპარაკებებს გამართავენ ავღანეთის ხელისუფლებასთან.

თალიბანი აქამდე უარს ამბობდა ავღანეთის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვაზე და მას დასავლეთის მარიონეტს უწოდებდა.

ვირუსის გამო სკოლებში არდადეგები ერთი კვირით ადრე დაიწყება

პროფილაქტიკის მიზნით, სკოლებში დამატებითი სადეზინფექიო სამუშაოები ჩატარდება, რისთვისაც საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება, - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე, რომელიც 29 თებერვალს გაიმართა.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და საბავშვო ბაღებში. დავალებები მიღებული აქვთ შესაბამის სამსახურებს, მათ შორის, თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ ქვეუწყებებს.

„ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ინფიცირებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კარანტინში 170 ადამიანი იმყოფება. საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სრულად მართავს პროცესს“, - ნათქვამია საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში..

ამირან გამყრელიძე: „ვაცადოთ ერთმანეთს მუშაობა“

„ბოიკოტზე არ არის საუბარი. ჩვენ უნდა ვაცადოთ ერთმანეთს მუშაობა“, - ეს განაცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას გადაწყვეტილების კომენტირებისას გააკეთა.

მარინა ეზუგბაიამ 29 თებერვლის დილის ბრიფინგზე ტელეკომპანია „მთავარისა“ და სხვა მედიების წარმომადგენლებს უარი უთხრა კომენტარის მიცემაზე.

„ცილისმწამებლური ინფორმაციების გავრცელების გამო ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“. ვიდრე ჟურნალისტი და ოპერატორი არ დატოვებთ ბრიფინგის სივრცეს, არ გავაკეთებ განცხადებებს. „მთავარმა არხმა“ უნდა დატოვოს საბრიფინგო სივრცე. ეს არის ჩემი გადაწყვეტილება. შეკვეთილი სიუჟეტის დროს გასული ცრუ ინფორმაციის გამო, ბოიკოტს ვუცხადებ „მთავარ არხს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

28 თებერვალს ტვ „მთავარის“ საინფორმაციო გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, ანტისანიტარიაა ინფექციური საავადმყოფოს პალატებში, ხოლო პაციენტებს არასრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას უწევენ.

ამირან გამყრელიძის თქმით, მედიას დიდი როლი აკისრია ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში.

„მადლობა გეკუთვნით მოსახლეობის სწორად ინფორმირებისთვის, მაგრამ უნდა ვენდოთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს. ინფექციურ საავადმყოფოზე ბრალდებებს ვერ მივიღებ. თითოეულ თქვენთაგანს რომ რამე დასჭირდეს, მე რომ რამე დამჭირდეს, იქ უნდა მივიდე, ამ ადამიანებთან... და ბრალდება, რომ ისინი რაღაცას ისე ვერ აკეთებენ, არასწორია... საშინლად დაძაბულ, 24-საათიან რეჟიმში მუაობენ“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძე: საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა კორონავირუსის ინფექცია - ამის შესახებ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქემ იმოგზაურა ირანში. მას უდასტურდება კონტაქტი პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან.

„ერთად იმყოფებოდნენ ირანში. შემოვიდა სახმელეთო გზით აზერბაიჯანის გავლით, 28 თებერვალს. ჰქონდა სიცხე 38 გრადუსი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ, რომლის თქმითაც, დაავადებულის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია.

ხანძარია იყალთოს ტყის მთიან ნაწილში

თელავში, სოფელ იყალთოს ტყის მთიან ნაწილში მეორე დღეა ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს და გამხმარ ხეებს უკიდია. მთიანი ზონის გამო ვერ ხერხდება სახანძრო ტექნიკის ადგილამდე მიყვანა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ადგილზე 20-მდე მეხანძრე-მაშველი და მოხალისეთა ჯგუფი მუშაობს.

სოფელ იყალთოში თელავის მერის წარმომადგენლის, გიორგი ლაჩაშვილის თანახმად, ხანძრის ქრობას აფერხებს მშრალი ამინდი და ქარი.

„გუშინ გაჩნდა ხანძარი, თავდაპირველად ცეცხლი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხოდაშენის ტორიტორიაზე იყო და შემდეგ უკვე იყალთოს ტყეზეც გადმოვიდა. გუშინ თითქმის ჩავაქრეთ ცეცხლი, თუმცა ძლიერმა ქარმა სამუშაოები შეაფერხა და ცეცხლი ხელახლა გაძლიერდა. სახანძრო ტექნიკაც ბოლომდე ვერ მიდის და მაშველებს ქვეითად უწევთ მისვლა ხანძრის კერამდე. მათ ასევე ეხმარება სოფლიდან წასული მოხალისეთა ჯგუფი. საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივები კიდევ დაემატებიან“, - განაცხადა გიორგი ლაჩაშვილმა.

Ryanair-მა გაანახევრა ფრენების სიხშირე მილანი-თბილისი-მილანის ხაზზე

„კორონავირუსის გამო, Ryanair-მა მილანი-თბილისი-მილანის საჰაერო ხაზზე სიხშირეების რაოდენობა 50%-ით შეამცირა“, - ცნობას ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაზე“ დაყრდნობით სააგენტო წერს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენები, ნაცვლად 4-სა, კვირაში ორჯერ განხორციელდება.

ამასთან, მილანსა და თბილისს შორის, რეისების სიხშირის შემცირება ძალაში იქნება მხოლოდ 9 მარტიდან 7 აპრილამდე პერიოდში.

რაც შეეხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოლონიის მიმართულებას, 8 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლით, ქუთაისიდან ბოლონიის მიმართულებით რეისები არ განხორციელდება.

ირანის ისლამური რესპუბლიკა "ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას"

„ირანის ისლამური რესპუბლიკა ჯანმრთელობას და წინსვლას უსურვებს საქართველოს მოსახლეობას და გამოთქვამს მზადყოფნას ყოველგვარი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის, კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გავრცელა.

განცხადების მიხედვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო, გამოხატავს პატივისცემას საქართველოს მოსახლეობის მიმართ და, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, აცხადებს, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის სხვადასხვა ქალაქში კორონავირუსის გავრცელებისთანავე, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, დაიწყო ეფექტური და საგანგებო ღონისძიებების გატარება ვირუსის გავრცელების აღსაკვეთად და, რომ ამ მიზნით შეიქმნა კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი. ირანის პრეზიდენტის ბრძანებით, ჯანდაცვის მინისტრს დაევალა ვირუსის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით სასწრაფო ზომების მიღება.

განცხადებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ირანის ჯანდაცვის სისტემა როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო დონეზე არის საკმაოდ ძლიერი და ეფექტური.

„ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობა მაქსიმალური ძალისხმევით აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან და თავისი სამედიცინო და სამკურნალო შესაძლებლობებითა და რესურსებით გამოსულია კორონავირუსთან ბრძოლის ასპარეზზე. ირანის ისლამური რესპუბლიკა მადლობას უხდის ყველა ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას კორონავირუსთან ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებებისათვის და მიაჩნია, რომ მხოლოდ თანამშრომლობითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ერთობლივი მოქმედებებით იქნება შესაძლებელი კორონავირუსთან ბრძოლაში გამარჯვების მოპოვება“, - ვკითხულობთ საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-მა დააკავა ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერი დააკავა.

განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ასევე დაკავებულია მოქალაქე გ.უ..

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი გოგიჩაიშვილმა განაშენიანების რეგულირების გეგმის საკრებულოს სხდომაზე გატანისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, მეწარმეს ქრთამის სახით მოსთხოვა 200 000 ლარი, საიდანაც წინასწარ გამოართვა 20 000 ლარი. აღნიშული პირი თანხის გადაცემისთანავე დააკავეს. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ლიპარტიამ დაბა ბაკურიანში უკანონო მშენებლობების მფარველობის სანაცვლოდ, ამავე მეწარმეს 10 500 ლარი მოსთხოვა, საიდანაც ეტაპობრივად 8000 ლარი გამოართვა. აღნიშნული დანაშაულის თაობაზე ცნობილი იყო ბორჯომის მერის მეგობრისთვის - მოქალაქე გ.უ-სთვის, რომელმაც ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“, - წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის მიხედვითაც, გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მოსკოვში გაიმართება ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში

დღეს, 29 თებერვალს, ბორის ნემცოვის მკვლელობის ხუთი წლისთავზე მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში გაიმართება რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ხსოვნის მარში.

ბორის ნემცოვი მოკლეს 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვში, მოსკვორეცკის ხიდზე. გამოძიებას დღემდე არ დაუდგენია მკვლელობის შემკვეთის ვინაობა.

ბორის ნემცოვის ხსოვნის მარში ყოველ წელს იმართება მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში.

როგორც ბორის ნემცოვის ყოფილმა ადვოკატმა და მოკლული პოლიტიკოსის ქალიშვილის წარმომადგენელმა, ვადიმ პროხოროვმა სააგენტო ТАСС-ს უთხრა, მკვლელობის სავარაუდო ორგანიზატორის, რუსლან მახუდინოვის დაკავება შესაძლებელი იყო ქალაქ ახალ ურენგოიში. პროხოროვის მონაცემებით, დამნაშავეს შეეძლო სტუმრებოდა ამ ქალაქს ყალბი საბუთებით.

სააგენტოს მოჰყავს ადვოკატის სიტყვები, რომელთა მიხედვითაც, ნემცოვის მკვლელობის გამოძიების ვადა გაგრძელდა 2020 წლის მაისამდე, თუმცა, ამის მიუხედავად, არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ ხორციელდება.

2017 წლის ივნისში სასამართლომ ყოფილ ჩეჩენ სამხედრო მეთაურს, ზაურ დადაევს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა ნემცოვის მკვლელობის ბრალდებით. კიდევ ოთხი ჩეჩენი ცნეს მკვლელობასთან კავშირში დამნაშავედ და მათ 11-დან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ. კრიტიკოსები, მათ შორის ნემცოვის კოლეგები და ახლობლები, ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ვერ დაადგინა, ვინ იყო მკვლელობის დამკვეთი. გამოითქვა ეჭვი, რომ მკვლელობა დაუკვეთეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ან ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვის უახლოესი წრიდან.

ბორის ნემცოვის ხსოვნის პირველი მარში გაიმართა 2015 წელს, მკვლელობიდან მეორე დღეს და მასში მონაწილეობა მიიღო 50 ათას ადამიანზე მეტმა. შარშან, მოსკოვში ნემცოვის ხსოვნის მარშზე დაახლოებით 8 ათასი ადამიანი გამოვიდა.

საქართველოს პრეზიდენტმა არქეოლოგია საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არქეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და დარგის განვითარების გეგმების შესახებ რამდენიმე მხარდასაჭერი ინიციატივით გამოვიდა.

როგორც პრეზიდენტი ამბობს, საქართველო მდიდარი ისტორიის ქვეყანაა, რასაც მოვლა და განვითარება სჭირდება. მისი თქმით, საჭიროა უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებსაც მეტი რესურსები და ინტერესი აქვთ საქართველოში არქეოლოგიის მიმართულებით.

„გასული წლის დასაწყისიდან ჩემი პატრონაჟით მუშაობს ქუთაისის პოლონურ-ქართული არქეოლოგიური ექსპედიცია, პრეზიდენტს არ გააჩნია დარგის მხარდასაჭერი ფინანსური რესურსი, მაგრამ მე მაქვს ბევრი სხვა რესურსი. ქვეყნის პრეზიდენტის ინტერესი, ქვეყნის პრეზიდენტის სიტყვა უცხოეთში და მისი კონტაქტები შეიძლება ერთ-ერთი გზა იყოს იმისთვის, რომ ჩვენ მოვიპოვოთ მეტი პარტნიორი და მეტი თანამშროლობა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს მზადყოფნას, რომ ქართული არქეოლოგიური კვლევები პრეზიდენტის მაღალი რანგის სტუმრების კულტურული პროგრამის ნაწილში შევიდეს. პრეზიდენტის ინიციატივით, პრეზიდენტის სასახლეში გამოიყოფა ასევე, ერთი ადგილი ისრაელსა და პალესტინაში ქართული ექსპედიციისათვის.

სალომე ზურაბიშვილმა არქეოლოგიის დარგის განვითარებისათვის ქართველი სტუდენტების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ სტუდენტებს უნდა დაუბრუნოთ „არქეოლოგიის გემო".

პრეზიდენტმა არქეოლოგებს მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება შესთავაზა, რომელიც არქეოლოგიის სფეროს განვითარებისა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის მიმართულებებსა და არქეოლოგიის სფეროს განვითარების კუთხით პრეზიდენტის როლის გამოკვეთაზე იმუშავებს და გარკვეული პერიოდულობით შეიკრიბება.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ის ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიაში სახელმწიფოს ფინანსური რესურსები ნამდვილად იხარჯება და ფინანსდება არაერთი ექსპედიცია, ეს არ არის საკმარისი დარგის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე გადასასვლელად.

სალომე ზურაბიშვილი სიმშვიდის შენარჩუნების შესახებ „ინსტაგრამზე" წერს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების დადასტურებას „ინსტაგრამზე" ეხმაურება.

„მოდით გავავრცელოთ დაცულობა და არა შიში. გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, რომ დაცულობა ნიშნავს, შეინარჩუნო სიმშვიდე და გქონდეს პასუხისმგებლობა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა არის დადასტურებული.

კობახიძე: იმედი მაქვს, ჩვენი მოდელის შესახებ საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციასთან გამართული არაფორმალური შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა საინტერესო და ორიგინალური იდეები.

კობახიძის თქმით, მმართველი პარტიის იდეები ქმნის საფუძველს, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პარტიები „რაციონალური და სამართლიანი დოზით“ იყვნენ წარმოდგენილები.

„შეთანხმებული ვართ, რომ დეტალებზე არ ვისაუბრებთ. თუ ოპოზიციის წარმომადგენლები არ დაიწყებენ საბაბის ძებნას, ამ შემთხვევაში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - თქვა კობახიძემ, თუმცა „ქართული ოცნების“ წინადადების რამდენიმე პრინციპი დაასახელა.

„საბოლოო ჯამში ის იდეები, რომლებიც გავაჟღერეთ დღევანდელ შეხვედრაზე, იძლევა იმის საშუალებას, რომ გამარჯვებულმა პარტიამ მანდატების კუთხით მიიღოს იგივე შედეგი, რასაც ის მიიღებდა სრულად პროპორციული სისტემით, 5%-იანი ბარიერის არსებობის შემთხვევაში. ეს დავამტკიცეთ ჩვენ კონკრეტული ციფრებით. ის მოდელი, რომელზეც ჩვენ გვქონდა საუბარი, არის ბოლომდე დაახლოებული პროპორციულ სისტემასთან, ერთადერთი დარჩა ის, რომ თუ ვინმეს უნდა საბაბის მოძებნა, ეს ყოველთვის შეიძლება. არგუმენტები ამ იდეების წინააღმდეგ შეუძლებელია, რომ მოიძებნოს. ეს უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტში მაქსიმალურად სწორი მოდელის ჩამოყალიბებას და იმედი მაქვს, რომ ამ მოდელთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში შეთანხმება იქნება მიღწეული“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის ყოფილი სპიკერი შეთანხმებისთვის აუცილებელ ვადასაც ასახელებს.

„ვფიქრობთ, რომ ოთხშაბათს უნდა დაინიცირდეს კანონპროექტი იმისთვის, რომ სათანადო პროცედურით მთლიანად საკანონმდებლო პაკეტის მიღება ივნისის ბოლომდე მოხერხდეს. იგულისხმება საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც მთლიანობაში სჭირდება სამი თვე, საყოველთაო-სახალხო განხილვებითა და სამი მოსმენით. ასევე, რა თქმა უნდა, საუბარია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რასაც დაახლოებით ერთ თვემდე დასჭირდება, შესაბამისად, ჩვენ რეალურად რამდენიმე დღე გვაქვს იმისთვის, რომ შევჯერდეთ კონკრეტულ მოდელზე და ამის ყველანაირი საფუძველი არსებობს“, - აღნიშნავს კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან შეხვედრას „მეგობრული“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი კონკრეტულ შეთანხმებამდე არ მისულან.

„ნაბიჯები გადადგმულია ყველა მხრიდან, რომ შეთანხმება შედგეს“, - შენიშნავს თალაკვაძე. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ დიალოგის პოზიტიური შედეგით დასრულება სურს.

„რა თქმა უნდა, კარგი იქნება რომ მოხდეს შეთანხმება გარკვეულ კომპრომისულ ვარიანტზე, რომელიც კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს ჩვენს არჩევნებს, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არჩევნები ჩატარდება დემოკრატიულად“, - განაცხადა თალაკვაძემ და აღნიშნა, რომ რიცხვებსა და პროცენტებზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მომდევნო შეხვედრის მოსამზადებლად გარკვეული დრო იქნება საჭირო.

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

შეხვედრის შემდეგ ილაპარაკეს ოპოზიციის წარმომადგელნებმაც.

„ნელი ნაბიჯით, მაგრამ წინსვლა არის“ - ხელისუფლება-ოპოზიციის არაფორმალური შეხვედრა დასრულდა

ფოტო: 2019 წლის 8 დეკემბერს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრა

ამერიკის ელჩის მოადგილისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის შემდეგ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს ვახშამზე რეზიდენციაში უმასპინძლა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

„არავითარი შეთანხმება არ არის. არავითარი წინადადება და თანხმობა არ ყოფილა. აზრების თავისუფალი გაცვლა იყო“, - თქვა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ. თუმცა მალევე დასძინა: „ქართულმა ოცნებამ“ პირველი ნაბიჯი გადადგა, მოხსნა თავისი ხისტი პოზიცია და მზად არის ილაპარაკოს იმაზე, რაც ასე თუ ისე, შეიძლება, სადღაც თეორიულად ოპოზიციისთვის იყოს მისაღები, მაგრამ გვეყოფა ამისთვის დრო თუ არა, არ ვიცით“.

როგორც ვაშაძე ამბობს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ – „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა რჩება - მაქსიმალურად მიახლოება პროპორციულ სისტემასთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ თქვა, რომ არაფერი არსებითად არ შეცვლილა.

„თუ შეიცვლება ვითარება, ან ბატონი ივანიშვილი გონს მოვა და გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, იმისკენ, რომ განიმუხტოს ვითარება, ყველამ იცის ჩვენი პოზიცია. განმუხტვას სჭირდება ორი რამ: პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც ნიშნავს არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას. თუ ეს მოხდება, მთელი ოპოზიცია მოწადინებულია, განიმუხტოს ვითარება. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს“, - აღნიშნავს ბოკერია.

„ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ უახლოეს ორ დღეში შეთანხმება იქნება მიღწეული.

„ბოლო ათ დღემდე ხელისუფლების მხრიდან კონსტრუქციულ დამოკიდებულებას მაინცდამაინც ვერ ვხედავდით. ახლა გაჩნდა ამის შესაძლებლობა და ამიტომ ვაგრძელებთ თავდაუზოგავად შრომას, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, თავიდან ავიცილოთ პოლარიზაცია, ადამიანები უფრო არ დავშორდეთ ერთმანეთს და ამ საერთო სამშობლოს ბრძოლის ველად და ასპარეზად არ ვუყურებდეთ. კომპრომისის შანსი არსებობს. კმაყოფილი ვარ ჩემი კოლეგების, ოპოზიციის მხრიდან და ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომ ამ სირთულეებს ვუმკლავდებით“, - ამბობს უსუფაშვილი. მისი თქმით, თუ მომავალ სამშაბათ-ოთხშაბათს ტექსტი პარლამენტში არ შევიდა, მაისის ბოლომდე ის კონსტიტუციაში ვერ აისახება, არჩევნები კი ოქტომბერშია. ამიტომ, როგორც უსუფაშვილი აღნიშნავს, ამჟამად ბუნებრივი ცაიტნოტია და არა - სამართლებრივი.

არაფორმალურ შეხვედრას ესწრებოდა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაში. მისი თქმით, მოლაპარაკებისთვის ცოტა დრო, კვირაზე ნაკლებია დარჩენილი. ჯაშმა ისიც თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მასპინძლობით გამართულ შეხვედრაზე ახალი წინადადებები იყო წარმოდგენილი, ახლა კი მათზე საპასუხო პოზიცია მოისმინეს.

„მსჯელობა სწორედ, ამ ვერსიებთან დაკავშირებით წავიდა. მინდა პატივი ვცე მოლაპარაკების შეთანხმებას და კონკრეტული რიცხვების შესახებ ვერაფერს გეტყვით, თუმცა „100-50“-თან შედარებით, უფრო პროპორციულისკენ ნაბიჯი გადადგმულია“, - თქვა მარიამ ჯაშმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მეხუთე რაუნდის გამართვა დაგეგმილი არ არის. პოლიტიკოსები არც მომდევნო არაფორმალური შეხვედრის შესახებ საუბრობენ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მე-5 რაუნდის წინ „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას დამნაშავედ ცნობის შემდეგ, „ლეიბორისტების“ ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების საკონსულტააციო ფორმატმა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება შეწყვიტა.

აუდიტი: „სარაგბო კლუბ ბათუმის“ მასაჟისტი ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და მწვრთნელად

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის წილობრივად მოქმედ საწარმოებში ჩაატარა საწესდებო კაპიტალის ფორმირებისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ დაკლოვანებებს შორის დასახელებულია შპს „სარაგბო კლუბი ბათუმის“ შემთხვევები, სადაც აუდიტის თანახმად, საშტატო ერთეულით გათვალიწინებულ სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმებული არიან შესაბამისი კვალიფიკაციის არმქონე ფიზიკური პირები; ამასთან, აუდიტის ცნობით, არ არის წარმოდგენილი მომსახურების ფაქტობრივად გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა კლუბს გაცემული აქვს ანაზღაურება.

საყურადღებოა, მასაჟისტის პოზიციასთან დაკავშირებული შემთხვევა.

უნდა აღნიშნოს, რომ მასაჟისტის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, ამავდროულად დანიშნული იყო დაცვის უფროსად და ბავშვთა მწვრთნელად და გაცემულია შრომის ანაზღაურება 4,750 ლარი, თუმცა არ არის წარმოდგენილი მწვრთნელის კვალიფიკაციის დამადასტურებელი და მწვრთნელისათვის გათვალისწინებული მომსახურების ფაქტობრივად შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები“, - ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

აუდიტს შეკითხვები აქვს მასაჟისტემის მიერ შესრულებულ სამუშაოზეც.

„შპს „სარაგბო კლუბ ბათუმის“ საშტატო განრიგით დამტკიცებული და დასაქმებულია 3 მასაჟისტი. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2 ფიზიკური პირის მიერ, მასაჟისტის პოზიციით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო არ დასტურდება და არც შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვთ წარმოდგენილი“, - ნათქვამია ანგარიშში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია

გაეროს ჯანმრთელობის დაცვის უწყების თანახმად, ახალი კორონავირუსის საფრთხემ უმაღლეს წერტილს მიაღწია მთელ მსოფლიოში მაშინ, როცა ჩინეთში, საიდანაც გავრცელდა თავდაპირველად ვირუსი, დაავადების გავრცელების სისწრაფემ იკლო. ამის თაობაზე ჟენევაში განაცხადა 28 თებერვალს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰამონ ღებრეიესუსმა.

კორონავირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა მსოფლიოს ეკონომიკას და მსოფლიოს ბირჟებზე გრძელდება კურსების მკვეთრი დაცემა ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების ფონზე.

COVID-19-ით ინფიცირებულია 83 000 ადამიანი. ვირუსს ემსხვერპლა 2800 პირი. დაღუპულთა უდიდესი რაოდენობა მოდის ჩინეთზე, სადაც დაავადება დეკემბრის შემდეგ გავრცელდა.

28 თებერვალს კორონავირუსის პირველი შემთხვევების შესახებ გამოაცხადეს აზერბაიჯანმა, ბელარუსმა, დანიამ, ესტონეთმა, ლიეტუვამ, მექსიკამ და ახალმა ზელანდიამ.

ტედროსის თქმით, მთავარია, გზა გადაეკეტოს დაავადების გავრცელებას. მისივე თქმით, კაცობრიობის მტერი იმდენად ვირუსი არ არის, რამდენადაც შიში, ჭორები და სტიგმა, და დამხმარე კი - ფაქტები, გონიერება და სოლიდარობა.

ახლო აღმოსავლეთში ირანი გახდა ვირუსის გავრცელების მთავარი ქვეყანა, სადაც 34-მდე გაიზარდა დახოცილთა რიცხვი ბოლო 24 საათში.

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ფათე ალ-შამის მეომრები ალეპოში, 2016 წელი

პრაღის სუნიტთა ყოფილ იმამს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს მას მერე, რაც ის დამნაშავედ სცნეს ტერორისტული ჯგუფში გაერთიანებისა და ტერორიზმის დაფინანსებაში. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა ჩეხეთის რესპუბლიკის სააგენტო CTK-მ.

მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ სამერ შეჰადემ დახმარება გაუწია თავის ძმას და მოგვიანებით, რძალს, ფატმა ჰუდკოვას, სირიაში ჩასულიყვნენ და შეერთებოდნენ ტერორისტულ ჯგუფს, ფათე ალ-შამს.
შეჰადე დამნაშავედ სცნეს დაუდგენელი რაოდენობის თანხის გაგზავნაში ჯგუფისთვის, რომელიც ცდილობს შეცვალოს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავრობა „ისლამური სახელმწიფოთი“.
პრაღის საქალაქო სასამართლომ ტერორიზმში დამნაშავედ დაუსწრებლად სცნო სხვა ორი პირი. ერთს 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მეორეს- ექვსი.
შეჰადემ ბრალდება არ უარყო, მაგრამ თქვა, რომ ის არ მიიჩნევს ნამოქმედარს დანაშაულად, რადგან სირიის მთავრობას არ აღიარებს და ჯგუფს კი ტერორისტულად არ მიიჩნევს.
შეჰადეს აქვს უფლება განაჩენი გაასაჩივროს.

პრაღის მუსლიმთა თემმა დისტანცია დაიკავა შეჰადეს საქმიანობის მიმართ.

ნინო ხაჟომიამ აჭარის ტელევიზია დატოვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა ნინო ხაჟომიამ პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ მოვალეობის შემსრულებლად ფირუზ ბოლქვაძე დანიშნა. ის 2004 წლიდან მუშაობს აჭარის ტელევიზიასა და რადიოში.

გიორგი კოხრეიძემ ნინო ხაჟომია 24 თებერვალს დანიშნა. აჭარის ტელევიზიის ცნობით, გადაწყვეტილება დირექტორმა ისე მიიღო, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი ინფორმირებული არ იყო.

28 თებერვალს კი გიორგი კოხრეიძემ შორენა ღლონტი სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა.

„აჭარის მაუწყებელში სუსია“ - ჟურნალისტთა ერთწუთიანი მდუმარე პროტესტი პირდაპირ ეთერში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებმა გადაცემა „მთავარის“ პირდაპირ ეთერში პროტესტი ერთწუთიანი მდუმარე აქციით გამოხატეს. გადაცემის წამყვანმა თეონა ბაკურიძე განმარტა რომ, ეს არის პროტესტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამო, რომელიც მისივე თქმით, არის შტურმი სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

ჟურნალისტები დირექტორს გიორგი კოხრეიძესა და მრჩეველთა საბჭოს სამი წევრებს: გიგა ჩხარტიშვილს, თამილა დოლიძესა და სოსო სტურუას ადანაშაულებენ. ისინი მაუწყებლის მრჩევლები პარტია „ქართული ოცნების“ წარდგენით არიან.

პირდაპირ ეთერში ჟურნალისტს ხელში ჰქონდათ ტრანსპარანტი წარწერით: „აჭარის მაუწყებელში სუსია“. მათი განმარტებით, აქცია უკავშირდება გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას, რომელმაც დღეს, 28 თებერვალს, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი.

24 თებერვალს კი კოხრეიძემ საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილისა და მთავარი საინფორმაციო გამოშვების რედაქტორის მაია მერკვილაძის შტატი გააუქმა, რის საფუძველზეც იგი სხვა პოზიციაზე გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლების შესახებ კი თანამშრომელს წერილით შეატყობინა და განმარტა: „ახალი ამბების სამსახურის უფროსის, შორენა ღლონტის გადაცდომასთან დაკავშირებით დასრულებულია მოკვლევა და იგი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძვლის გაცნობა შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს. მზად ვარ ქალბატონ შორენას შევთავაზო ისეთი პოზიცია, სადაც მას არ ექნება მსგავსი გადაცდომის შესაძლებლობა და მიეცემა პროფესიული საქმიანობის გაგრძელების საშუალება", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის გიორგი კოხრეიძის წერილში.

მარინა ეზუგბაია: იტალიიდან ჩამოფრენილ ქალს არ ჰქონია სხვა ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტი

იტალიიდან ჩამოფრენილი ქალი, რომელსაც კორონავანირუსი დაუდგინდა, არ ჰქონია განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები, - თქვა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ექიმი განმარტავს ინფიცირებულთან „ახლო/მჭიდრო კონტაქტის“ განსაზღვრებას და აღნიშნავს, რომ ასეთად განიხილება 15 წუთზე მეტი პირდაპირი კონტაქტი და დახურულ სივრცეში ორ საათზე მეტი დროით მასთან ერთად ყოფნა.

„არ მგონია, რომ იმ პირებთან, რომლებთანაც [ინფიცირებული] მუშაობდა, რომელიმეს დადებითი შედეგი აღმოაჩნდეს. თუმცა თუ რომელიმესთან გამოვლინდება სიმპტომები, მათთანაც ჩატარდება გამოკვლევა“, - ამბობს ეზუგბაია.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. ვირუსით დაინფიცირებული 50 წლის მამაკაცი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით მოდიოდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მედიკოსების თანახმად, დამაკმაყოფილებელია.

ორივე ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG