Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმელმა სტუდენტებმა აზარტულ თამაშებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება მოითხოვეს


აზარტული თამაშების მოწინააღმდეგე სტუდენტების აქცია ბათუმში
აზარტული თამაშების მოწინააღმდეგე სტუდენტების აქცია ბათუმში

ბათუმში, სტუდენტების ჯგუფმა მოითხოვა აზარტულ თამაშებზე შეზღუდვების დაწესება.

ბათუმის უნივერსიტეტის ოცამდე სტუდენტმა აქცია, სახელწოდებით „აზარტული თამაშები კლავს“ გამართა სასტუმრო „ჰილტონთან“, სადაც საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, სურთ საკუთარი მოთხოვნა გააგებინონ კონფერენციის მონაწილე ქართველ პოლიტიკოსებს.

სტუდენტების მოთხოვნაა 25 წლამდე ასაკის მოქალაქეებს აეკრძალოს აზარტული თამაშები. ასევე, აიკრძალოს აზარტული თამაშების რეკლამირება და გამკაცრდეს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული და მომგებიანი თამაშების რეგულირება.

აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ მთავრობამ სასწრაფოდ წარმოადგინოს ამ ტიპის თამაშების ხელმისაწვდომობის მაქსიმალური შეზღუდვის გეგმა და პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, სასწრაფოდ გამოყოს სახსრები ლუდომანიით დაავადებულთა დახმარების პრევენციული პროგრამებისთვის, მათ შორის ცხელი ხაზის ასამოქმედებლად.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ხელისუფლებამ წარმოადგინოს ტურიზმის ზრდის ამოცანასთან დაკავშირებული დასაბუთებული გრძელვადიანი გეგმა, რომლის ფარგლებში ხმელეთის კაზინოები განთავსდება სპეციალურ ტურისტულ ზონებში.

„მოვითხოვთ ლუდომანიის დაავადებად გამოცხადებას, როგორც ეს არის ნარკომანიის შემთხვევაში. უნდა გაიხსნას სპეციალური სამკურნალო ცენტრები და ამ ადამიანებს მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ გვერდში იმისთვის, რომ თვითმკვლელობის შემთხვევები შემცირდეს. ფაქტი გვქონდა ბათუმშიც, 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა“, - განაცხადა სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმა, მათე ცენტერაძემ.

აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, აზარტულ თამაშებზე შეზღუდვების დაწესების მოთხოვნით მოქალაქეთა ხელმოწერებს აგროვებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG