სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გამოძიების დაწყებას მოითხოვს სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების საქმეებზე.
ომბუდსმენის განმარტებით, სავარაუდო სექსუალური შევიწროება შესაძლოა არასრულწლოვნების მიმართ იყოს ჩადენილი, რაც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც.
მინდა განვმარტო, რომ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. შესაბამისად, მოვუწოდებ სამართლდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება თითოეულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია ზემოაღნიშნული სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შესახებ, დაუყოვნებლივ მიმართოს შესაბამის ორგანოებს“,- აცხადებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
სახალხო დამცველის აპარატმა რეაგირებისთვის უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
„მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე.