Accessibility links

logo-print logo-print

ვასაძე: შევალთ კინოდარბაზებში და ჩავშლით ჩვენებას


ვერის პარკში ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები აპროტესტებენ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებას, ამ მომენტისთვის ისინი კინოთეატრ „ამირანთან“ მიდიან და შეუერთდებიან „ქართული მარშის“ წევრებს. როგორც ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ თქვა, თუ პოლიცია მათ არ შეუშვებს, ისინი მიაწვებიან, გაარღვევენ კორდონს და ჩაშლიან კინოჩვენებას.

„შევიდეთ დარბაზებში და ჩავშალოთ ჩვენებები. თითოეულ დარბაზებში, სადაც შევალთ, დავდგებით ეკრანის წინ და მოვუწოდებთ დამსწრეებს, დატოვონ კინოდარბაზი. ჩვენ შევალთ საოპერატოროში და ტექნიკის დამტვრევის გარეშე დავაჭერთ ღილაკს ხელს და გავთიშავთ ფილმის ჩვენებას. თუ ხელს შეგვიშლიან, კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა ჩვენს მხარდასაჭერად“- აცხადებს ვასაძე.

ჩვენების წინააღმდეგ მობილიზაციას აცხადებს სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება: „ქართული მარში“, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“, ლევან ვასაძე და მისი მხარდამჭერები. ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგებიან საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირებიც.

ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში, 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.

შსს-ში აცხადებენ, რომ უწყება უზრუნველყოფს საზოგადოების უსაფრთხოებას და გამოხატვის თავისუფლების დაცვას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG