Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-მ ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ დაინახა


შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეჟისორ ლევან აკინის ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პორნოგრაფიის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და გამოძიება არ დაწყებულა, ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, - ნათქვამია შსს-ს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო მოკვლევის დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

მისი განცხადებით, ფილმი პორნოგრაფიულ შინაარსს შეიცავს, არ არის დაწესებული ასაკობრივი შეზღუდვა, რაც აკრძალულია.

დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩვენების გადადებას მოითხოვდა იმ დრომდე, სანამ ფილმში პორნოგრაფიული შინაარსის შემცველობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა არ ჩატარდებოდა.

ლევან აკინის ფილმის ბილეთებზე აღნიშნულია, რომ სეანსებზე მოქმედებს R Rating შეზღუდვა, რაც ნიშნავს იმას, რომ 17 წლამდე ბავშვები კინოჩვენებას უნდა დაესწრონ მშობლის ან მეურვის თანხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოსკარზე წარდგენილი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების საწინააღმდეგო დემონსტრაციებზე 27 ადამიანი დააკავა.

„კანონდამრღვევი პირების დადგენისა და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება“, - აცხადებს შსს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის ბრალდებით 24 ადამიანი დააკავეს თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში. ფილმის ჩვენებისას აქციების დროს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით 4 ფაქტზე დაიწყო გამოძიება:

  • ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე - დაკავებულია ერთი ბრალდებული;
  • დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე;
  • პოლიციელებზე თავდასხმისა და ორი პოლიციელის დაშავების ფაქტზე;
  • შსს-ს კუთვნილი ავტომობილის დაზიანების ფაქტზე.

ულტრანაციონალისტური ჯგუფების პროტესტისა და კინოჩვენების ჩაშლის მუქარის მიუხედავად, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 8,9,10 ნოემბერს დაგეგმილი ყველა ჩვენება მოეწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG