Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაჟორიტარ დეპუტატს იმედი აქვს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა "ჩავარდება"


კახა ოქრიაშვილი
კახა ოქრიაშვილი

საქართველოს პარლამენტის მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი, წალკის და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი. მას იმედი აქვს, რომ 30-40 მაჟორიტარი მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და „პროექტი ჩავარდება“.

„გუშინწინ ესპანეთში იყო მორიგი რიგგარეშე არჩევნები ბოლო ხუთ წელიწადში მეხუთედ და მაინც შედეგი ვერ დადო ვერც ერთმა პარტიამ. გამარჯვებულმა პარტიამ სამი მანდატი დაკარგა და მომავალშიც ესპანეთს არ ეყოლება ძლიერი ცენტრალური ხელისუფლება. ჩვენც მომავალში არ გვეყოლება ნორმალური ხელისუფლება, როდესაც ამ საარჩევნო სისტემაზე გადავალთ“, - უთხრა დღეს, 12 ნოემბერს, ჟურნალისტებს კახა ოქრიაშვილმა. მისი თქმით, წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს არც ერთი მაჟორიტარი არ ემხრობა, თუმცა, ზოგიერთმა, გუნდური თამაშის წესების გათვალისწინებით, შესაძლოა, კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.

ოქრიაშვილის განცხადებით, ყველამ უნდა გაიაზროს, რა პრობლემის წინაშე დადგება ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლით. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ამ სისტემაზე გადასვლა 2021 ან 2022 წელს რიგგარეშე არჩევნებს გამოიწვევს.

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტი, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

საქართველოს 150-წევრიან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა აღარ ჰყავს.

მმართველი პარტია მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG