Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორძაია: ოპოზიცია ითხოვს ვადამდელ არჩევნებს ტექნიკური მთავრობის პირობებში


ოპოზიცია მოითხოვს მთავრობის გადადგომას და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით, ან პროპორციულის მსგავსი გერმანული მოდელის სისტემით, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მსვლელობისას რადიო თავისუფლებას უთხრა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, თამარ კორძაიამ.

შეკითხვას, რა სამართლებრივი გზა არსებობს ამისთვის, კორძაიამ უპასუხა: „თუ გონს მოეგებიან და თუ გადაწყვეტენ, რომ ბოლოს და ბოლოს მოქალაქეების მოთხოვნა უნდა შესრულდეს, შესაძლებელია ინიცირება, ახალ წლამდე პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა და ახალი წლის მერე ერთი რიგგარეშე სხდომაზე და მერე საგაზაფხულო სესიაზე“.

რაც შეეხება მთავრობას, კორძაიას თქმით, ის უნდა გადადგეს, რადგან „ბიძინა ივანიშვილის ხელდასმული, ხელის ბიჭების პირობებში დემოკრატიული არჩევნები ვერ ჩატარდება“. თამარ კორძაიას განცხადებით, მთავრობის გადადგომა მარტივია - გადადგება გახარია, მთავრობა არ იარსებებს, იარსებებს ტექნიკური მთავრობა და ტექნიკური მთავრობის პირობებში ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები.

„კიდევ ერთხელ ვაძლევთ შანსს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ... წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოების რეაქციაზე პასუხს ვერავინ ვერ აგებს. ჯერ კიდევ პოლიტიკოსები ვთვლით, რომ უნდა შევაჩეროთ პროცესები და ვიმოქმედოთ კონსტიტუციის ფარგლებში. დღევანდელი აქციის მიზანიც ეს არის“, - განაცხადა კორძაიამ.

ოპოზიციური პარტიები მას შემდეგ გაერთიანდნენ, რაც დღეს, 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ვერ დაამტკიცა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო კანონპროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა სულ მცირე 113 ხმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG