Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფიო ქაცარავა უმრავლესობის შემდეგ დეპუტატის მანდატსაც ტოვებს


„დღეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ეს არის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, დავტოვო საპარლამენტო მანდატი. ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ და წარამატებები ვუსურვო ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს და დიდი წარმატება და წინსვლა ჩემ ქვეყანას!“- წერს სოფიო ქაცარავა.

მას მე-9 მოწვევის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.

14 ნოემბერს „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და საპარლამენტო თანამდებობები დატოვეს თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და გიორგი ბეგაძემ.

15 ნოემბერს უმრავლესობა დატოვეს „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა - ნინო გოგუაძემ, ზვიად ძიძიგურმა და გიგა ბუკიამ.

ჯამში, ამ დროისთვის უმრავლესობას გამოაკლდა 12 დეპუტატი.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა 3-ის წინააღმდეგ მაშინ, როცა საკონსტიტიციო ცვლილებების მიღებას სჭირდებოდა, სულ მცირე, 113 ხმა. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა. პარლამენტის წევრები, რომლებმაც ხმა წინააღმდეგ მისცეს ან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, „ქართული ოცნების“ უმრავლესობას წარმოადგენენ.

„ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო, 2020 წლის არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციების შედეგად, რომლის მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG