Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი სიცრუეს უწოდებს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას


ვაჟა გაფრინდაშვილი
ვაჟა გაფრინდაშვილი

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფს და სიცრუეს უწოდებს დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილს ერთი კვირის განმავლობაში არ დაუტოვებია ღუდუშაურის კლინიკა და ამას ადასტურებენ როგორც სხვა ექიმები, ასევე, საავადმყოფოს აღრიცხვის ბაზის მონაცემები. თამილა ლაფანაშვილის თქმით, პაციენტების სიმრავლის გამო, ვაჟა გაფრინდაშვილი სახლში ცოტა ხნით მისვლასაც კი ვერ ახერხებდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში ღუდუშაურის კლინიკაც საგანგებო რეჟიმით მუშაობდა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ცხინვალის საპატიმროდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც. ეს საკითხი დღეს განიხილება ცხინვალში, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრებზეც.

XS
SM
MD
LG