Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ბოქლომების აქცია" მაჟორიტარულ ოლქებში გაგრძელდება


ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები და მხარდამჭერები დღეს დილიდან იწყებენ „მაჟორიტარული ოლქების დაბოქლომებას“. პირველი აქცია 9 საათზეა დაგეგმილი პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მაჟორიტარულ ოლქში, ოზურგეთის მერიის შენობასთან. ერთი საათის შემდეგ აქცია ჩატარდება სანზონაში, დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მაჟორიტარულ ოლქში.

პარტიის წევრები თბილისიდან გაემგზავრებიან მცხეთაში, სადაც დიმიტრი ხუნდაძის „მაჟორიტარული ოლქის დაბოქლომებას“ გეგმავენ. 11 საათზე აქციები ერთდროულად უნდა გაიმართოს დიდ დიღომში, მამუკა მდინარაძის მაჟორიტარულ ოლქში, ზუგდიდში, რომლის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაიაა, ქუთაისის მერიასთან, დიმიტრი მხეიძის მაჟორიტარულ ოლქში და გორის მერიასთან, იოსებ მაკრახიძის მაჟორიტარულ ოლქში.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG