Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში "ბოქლომის დადების" ორი აქცია გაიმართა


ოპოზიციური პარტიების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ მხარდამჭერებმა ზუგდიდში აქციები გამართეს ორ საარჩევნო ოლქად გაყოფილი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატების ოფისებთან.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომი დაადეს მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას ბიუროში შესასვლელი კიბის მოაჯირს. ბოქლომი მალევე ჩამოხსნეს „ქართული ოცნების“ მომხრეებმა.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომის დადება ვერ შეძლეს ზუგდიდის მეორე მაჟორიტარი დეპუტატის, მერაბ ქვარაიას ბიუროსთვის, სადაც მობილიზებული იყვნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და მერიის „ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის“ თანამშრომლები.

ქვარაიას და ოპოზიციის მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ვითარება პოლიციამ განმუხტა. ბოქლომის ნაცვლად აქციის მონაწილეებმა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთან დატოვეს სტიკერები, წარწერებით: „გაუქმებულია“ და „გადაადგე გადამგდები“ ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათთან ერთად.

ოპოზიციის მხარდამჭერთა განცხადებით, მათ აქცია-პერფორმანსით გააპროტესტეს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე პარლამენტის უარი.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატები მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია არიან პარლამენტის იმ წევრებს შორის, რომლებიც 14 ნოემბერს პარლამენტის სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილება. „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები თავად უმრავლესობიდან დააკლდა.

„ქართული ოცნება“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლიდან გადასვლას დათანხმდა ივნისში დაწყებული ანტისაოკუპაციო აქციების შედეგად. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო მაჟორიტარული სისტემის გაუქმება უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG