Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე პატიმრობა შეეფარდა


შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, ბუტა რობაქიძის საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.

რაც შეეხება ყოფილ გენერალურ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი წინასასამართლო პროცესის თარიღი განისაზღვრა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის სახელმწიფო ბრალდება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ უნდა იყოს გამოყენებული.

ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის, სულხან კომახიძის განცხადებით, ადეიშვილის მიმართ დევნის დაწყების სტანდარტი არ არსებობს და არც წინასასამართლო სხდომის თარიღი უნდა დანიშნულიყო.

აღნიშნულ საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 9 იანვარს, 12:00 საათზე გაიმართება.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილს ბუტა რობაქიძის საქმეზე 24 ნოემბრამდე ბრალს არ წაუყენებდნენ, ამას მოგვიანებით ვეღარ გააკეთებდნენ.

კოტრიკაძის თქმით, ხანდაზმულობის ვადა ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას ეწურებოდა და არა საქმის განხილვას.

„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ამ საქმეზე სასამართლო განხილვა ვერ გაგრძელდება. ეს სწორი არ არის. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობაზე და არა საქმის განხილვის ხანდაზმულობაზე. თუ ირაკლი ოქრუაშვილს 24 ნოემბრამდე ვერ წავუყენებდით ბრალს, შემდეგ ვერასდროს წავუყენებდით. შესაბამისად, დევნა დაწყებულია და სასამართლოს განხილვას ხელს არაფერი უშლის. ოქრუაშვილს ბრალი გავაცანით, ხელს მოაწერს თუ არა, ეს მისი უფლებაა“, - განაცხადა კოტრიკაძემ.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG