Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტთან აქციის 28 მონაწილე დააკავეს


საქართველოს პარლამენტთან აქციის დაშლის დროს 3 ადამიანი დაშავდა, 28 დაკავებულია. ეს ინფორმაცია დღეს დილით გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მისი განცხადებით, დაშავებულ მოქალაქეებს სამედიცინო დაწესებულებებში შესაბამისი დახმარება გაეწიათ.

პოლიციელების მიერ დაკავებულ 28 პირს ბრალად ედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევა - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და ხულიგნობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი: „აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“.

შსს-ს განცხადებითვე, საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები გათავისუფლებულია. პოლიცია მოქალაქეებს კანონის მოთხოვნების დაცვისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

26 ნოემბერს, გამთენიისას საპოლიციო ძალებმა დაშალეს პარლამენტის შესასვლელებთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი. დილიდან პარლამენტის ყველა შესასვლელს სპეცრაზმელები აკონტროლებენ. 12 საათზე პარლამენტის პლენარული სხდომაა დანიშნული. ოპოზიცია აცხადებს, რომ პიკეტირების აქციას გააგრძელებს.

საპოლიციო ძალებმა წყლის ჭავლის გამოყენებით, პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქცია 18 ნოემბერსაც დაშალეს და 37 პირი დააკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებდა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას.

XS
SM
MD
LG