Accessibility links

logo-print logo-print

ევროპარლამენტარებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში შექმილი კრიზისის გამო


ევროპის პარლამენტში გაიმართა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის მოხსენება აღმოსავლეთის სამეზობლო პოლიტიკის შესახებ.

მოგერინის გამოსვლის შემდეგ გაიმართა დებატები, რომელშიც ევროპარლამენტის დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს აღმოსავლეთის პარტნიორობის ათი წელი.

დებატებზე საქართველოზე საუბრისას მთელმა რიგმა გამომსვლელებმა გამოთქვეს შეშფოთება ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო. დებატებში მონაწილეებმა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდეს, გამონახონ პრობლემის პოლიტიკურად მოგვარების გზები. ზოგიერთი გამომსვლელის თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც არ შეასრულა პირობა არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე.

ლიტველმა დეპუტატმა, ანდრიუს კობილიუსმა, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა კითხვები გააჩინა ქვეყნის დემოკრატიული მომავლის თაობაზე.

„საქართველოში განვითარებული მოვლენები ჩვენს შეშფოთებას იწვევს ქვეყნის დემოკრატიული მომავლის თაობაზე. ერთი რამ აშკარაა, არ იქნება დემოკრატია, არ იქნება ინტეგრაცია. საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ არ შეასრულა მოქალაქეებისთვის მიცემული პირობა, რომ შემოიღებდა პროპორციულ საარჩევნო სისტემას... მმართველმა პარტიამ პირობა არ შეასრულა, ვინაიდან შეეშინდა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნებს წააგებს. რა დასკვნის გამოტანა შეგვიძლია აქედან? შეიძლება იმის, რომ მმართველი პარტია აპირებს ძველ ადმინისტრაციულ ხრიკებს მიმართოს არჩევნების მოსაგებად,“ განაცხადა კობილიუსმა.

ფედერიკა მოგერინიმ, რომელსაც ხუთწლიანი ვადა ამოეწურა და თანამდებობას ტოვებს, თავის მოხსენებაში აღნიშნა წარმატებები აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის მოქმედების ათწლიანი პერიოდის განმავლობაში. მათ შორის გამოყო უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რომლებიც პარტნიორობის პროექტის ლიდერები არიან და რომლებთანაც ევროკავშირს უვიზო რეჟიმი აქვს. თუმცა განსაკუთრებით აქო სომხეთი, სადაც, მისი თქმით, რევოლუციის შემდეგ მთავრობა მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმების გზაზე იმყოფება.

დებატებში მონაწილე ევროპარლამენტართა თქმით, აუცილებელია პარტნიორობის გაგრძელება და მისი თვისებრივად ახალ დონეზე აყვანა. რიგმა გამომსვლელებმა გამოთქვეს ინიციატივა, ევროკავშირმა დიფერენცირებული მიდგომა შეიმუშაოს აღმოსავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაში. პოლონელი დეპუტატის, ვიტოლდ ვაშჩიკოვსკის თქმით, წარმატებული პარტნიორებისთვის საბოლოო გაწევრიანების პერსპექტივა კატალიზატორის როლს ითამაშებდა რეფორმების დასაჩქარებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG