Accessibility links

logo-print logo-print

ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტი წარადგინეს


ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების კონსტიტუციური პირობების პროექტის პრეზენტაცია გამართეს. 28 პარტიამ ხელი მოაწერა ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც განსახილველად ეუთო-ოდირს გაეგზავნება. დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, დოკუმენტი საკანონმდებლო ინიციატივის სახით საქართველოს პარლამენტში იქნება წარდგენილი.

საარჩევნო სისტემის გერმანულ მოდელზე დაფუძნებული პროექტის თანახმად, პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 73 დეპუტატისგან. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც მიიღებენ.

კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ ორივე საარჩევნო სისტემით მიღებული მანდატების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს რიცხვს, რომელიც ტოლია 150-ის იმდენი პროცენტისა, ხმების რამდენი პროცენტიც მიიღო პარტიის/საარჩევნო ბლოკის პარტიულმა სიამ. შესაბამისად, პარტია/საარჩევნო ბლოკი მიიღებს მაჟორიტარული სისტემით მოპოვებულ ყველა მანდატს და პარტიული სიიდან იმდენ მანდატს, რომ მანდატების ჯამური რაოდენობა არ აღემატებოდეს პარტიის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ რაოდენობას.

ხვალ, 30 ნოემბერს, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის საარჩევნო სისტემის საკითხზე შეხვედრა იგეგმება. შეხვედრის ინიციატორია დიპლომატიური კორპუსი. აღნიშნულ დისკუსიაზე საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელსა და, შესაბამისად, ოპოზიციის მიერ მომზადებულ კანონპროექტზეც იმსჯელებენ, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და 2020 წლის არჩევნები მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩატარდება.

„საკითხი არის ძალიან ნათელი. იმდენად ცხადია წინააღმდეგობა გერმანულ მოდელსა და საქართველოს კონსტიტუციას შორის, რომ აქ ერთადერთი, დამატებით ახსნაა საჭირო და მეტი არაფერი“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG