Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გაბედეს“ სამი აქტივისტი დააკავეს მცხეთაში


მოძრაობა „გაბედეს“ სამი აქტივისტი დააკავეს მცხეთაში მერიის შენობასთან, სადაც მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ბიურო მდებარეობს.

როგორც „გაბედეს“ ერთ-ერთ წევრი მამუკა ჯუღელი ეუბნება რადიო თავისუფლებას, აქტივისტები დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან დემონსტრაციას მართავდნენ. მათ სიმბოლურად 41 ვერცხლის მონეტა ჰქონდათ მიტანილი და დიმიტრი ხუნდაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, რათა მისთვის კითხვა დაესვათ, რატომ მისცა ხმა პროპორციული საარჩევნო სისტემის წინააღმდეგ, რა დროსაც მათ უცნობი პირები დაუპირისპირდნენ.

ამ დროისთვის პოლიციის მცხეთის რაიონულ განყოფილებაში იმყოფებიან „გაბედეს“ აქტივისტები მიხეილ გვრიტიშვილი, ბექა ნათელაშვილი და ირაკლი ქართველიშვილი.

მამუკა ჯუღელის განცხადებით, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა 2 პირი და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ესენი არიან ცოტნე ვადაჭკორია და ლაშა დიაროვი.

„ადგილობრივი მოსახლეობა და გამგეობის წევრები უმიზეზოდ გვირტყამდნენ. რუპორი მეჭირა და მშვიდობიანად ვაპროტესტებდი. პასუხიც ვერ გაგვცეს, რატომ გვირტყამდნენ. ჩვენი აქტივისტები დააკავეს“, - განაცხადა ცოტნე ვადაჭკორიამ, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მცხეთის მერმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა, დაპირისპირება აქციის მონაწილეებმა გამოიწვიეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ დაახვედრეს აქციის მონაწილეებს მერიის თანამშრომლები, გიორგი კაპანაძემ ასე უპასუხა: „ყველამ დაინახა, რომ სანამ ესენი მოვიდოდნენ, აქ იყო ტელევიზია მოსული და დააინტერესათ და გამოვიდნენ“.

„მერიაში მუშაობს 200-ზე მეტი კაცი. აქ ყოველდღე ტელევიზია არ მოდის. ნეტა ყოველდღე იყოს აქ ტელევიზია და ყოველდღე იღებდეს, რას ვაკეთებ მე აქ. ჩემი სურვილი არაა, ვინმე დააკავონ, მაგრამ არც ის მინდოდა, აქ ინციდენტი მომხდარიყო. ხალხი მუშაობს აქ და იმათ აურზაურის ასატეხად ვერ შემოვუშვებდი“, - განაცხადა მცხეთის მერმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG