Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოფო კილაძე: პრეზიდენტმა ალბათ ვერ გადმოსცა სათქმელი, რადგან საქართველოში არ არის გაზრდილი


„მე მგონია, რომ ქალბატონ სალომეს სხვა რამის თქმა უნდოდა და ის გულისხმობდა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი მიმართულება უნდა იყოს განათლება. ალბათ, ვერ გადმოსცა იმიტომ, რომ ის არ არის საქართველოში გაზრდილი“, - უთხრა ჟურნალისტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ჯარი, ჩვენი შეიარაღებული ძალები, რომლის იმედიც გვაქვს, ჩვენი სამშობლოს დაცვისთვის. მე მგონია, რომ ქალბატონი სალომე სხვა რაღაცას გულისხმობდა, ალბათ, იმის თქმა უნდოდა, რომ ჩვენი ხსნა, ჩვენი მთავარი მიმართულება არის განათლება, მეცნიერება, ამას გულისხმობდა, ალბათ, და ვერ გამოხატა სათანადოდ, რისი თქმაც უნდოდა, ჩემი აზრით, ასე მოხდა“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, 10 დეკემბერს განაცხადა, რომ საქართველოს არც ჯარი ჰყავს და არც იარაღი რეგიონის დასაპყრობად. საქართველოს იარაღია ცოდნა, განათლება და მეცნიერება.

„ჩვენ სხვა არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ, არა მხოლოდ დღევანდელი დღით, თავისი წარსულით, თავისი არქეოლოგიით, თავისი რელიგიით, თავისი ძირებით და თავისი მომავლით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი იმითი უნდა დაიწყოს, რომ ჩვენ ჩვენი თავის დავიჯეროთ, გვჯეროდეს, რომ გვაქვს მთელი ეს შესაძლებლობები“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, სალომე ზურაშვილის სიტყვა დამახინჯდა, ის არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას.

„ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG