Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 წლის მოზარდის საქმეზე გამომძიებელი დააკავეს


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის ლონდა თოლორაიას თქმით, 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია გამომძიებელი.

„ჩატარებული გამოძიების შედეგად დაკავებულია 17 დეკემბერს სახელმწიფო ინისპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ.

ის დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს“, - თქვა ლონდა თოლორაიამ.

კანონით დადგენილ ვადაში გენერლაური პროკურატურა გადაწყვეტს ბრალის წარდგენის საკითხს.

გაეცანით ლონდა თოლორაიას განცხადებას ვრცლად:

„მიმდინარე წლის 12 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მომართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში 15 წლის არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 2019 წლის 13 დეკემბერს, გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებული 15 წლის არასრულწლოვნის თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის სისხლის სამართლის საქმე, გამოსაძიებლად გადმოეცა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

გამოძიების დაწყების დღიდან დღემდე, ფაქტობრივად ხუთ დღეში, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, ინტენსიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საგამოძიებო პროცესი - კერძოდ, დაიკითხა 70 მოწმე: არასრულწლოვნის კლასელები, მეგობრები და მათი მშობლები, მეზობლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და უსაფრთხოების მენეჯერები, შემთხვევის ადგილზე მყოფი პირები, პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვანთან ერთად მყოფი პირები, პოლიციის თანამშრომლები და ყველა ის პირი, რომლებსაც შესაძლოა ჰქონოდათ თუნდაც მინიმალური ინფორმაცია საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და დამდგარი შედეგების გამომწვევი მიზეზების შესახებ. გამოძიებამ ამოიღო და დაათვალიერა არასრულწლოვნის მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია არასრულწლოვნის მობილური ტელეფონის ნომერზე განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და გამოძიებისთვის საჭირო სხვა ადგილები, დათვალიერდა სკოლაში, შესაბამის პოლიციის განყოფილებაში განთავსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები, ასევე ყველა ის ვიდეო-ჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა ასახული ყოფილიყო არასრულწლოვნის გადაადგილება.

ვინაიდან მოწმეთა ნაწილი არიან არასრულწლოვნები და საქმე თავისი შინაარსით განსაკუთრებით სენსიტიურია, არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით, საქმეში ჩართულია არასრულწლოვანთა ფსიქოლოგი და არასრულწლოვნებთან ყველა საგამოძიებო მოქმედება მიმდინარეობს ფსიქოლოგის მონაწილეობით.

ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2019 წლის 17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაკავებული იქნა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

სისხლის სამართლის საქმის მასალები ბრალდების წარდგენის მიზნით და შემდგომი კვალიფიკაციის განსაზღვრისთვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანიშნულია ექსპერტიზები, მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და გამოძიების შემდგომი პროცესის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას მიეწოდება დამატებით.

საზოგადოებას მოგიწოდებთ, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნების ინტერესებს და გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, საკითხს მოეკიდოთ განსაკუთრებული სიფრთხილით“, - განაცხადა თოლორაიამ.

15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქტივისტები დიღომში, პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ.

რამდენიმე წუთში ისინი ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სმაინსიტროს შენობისკენ გაემაართნენ.

გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით.

მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

16 დეკემბერს მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG