Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა სირაძის ადვოკატი: დაკითხვაზე მოზარდები ერთმანეთს დაუპირისპირეს


თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახის ადვოკატის, რევაზ აჭარაძის განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში ლუკა სირაძე სხვა მოზარდებთან დააპირისპირეს. ეს განცხადება ადვოკატმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, „ეს იყო კლასიკური დაპირისპირება“.

„არასრულწლოვნები ჰყავდათ დაბარებული უშუალოდ მაგ განყოფილებაში და დააპირისპირეს ერთმანეთს, რამაც ორივეს მხარეს დიდი სტრესი მიაყენა და უკიდურესად დათრგუნა. უშუალოდ ამ ნაწილზე, რაც შეეხება, გოგოზე, მეტს ვერ დავამატებ, რადგანაც რასაც დავესწარი, დიდად გამოსაქვეყნებელი არ არის ნამდვილად, რაც შეეხება ლუკას ნაწილს, ის დაითრგუნა, პირველ რიგში ემუქრებოდნენ ძმისთვის პრობლემების შექმნით“, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

მისი სიტყვებით, ლუკა სირაძეს აიძულებდნენ, ეღიარებინა, რომ „მან მოხატა „მწვანე სკოლის“ კედლები და შიდა ტერიტორია“. მას შემდეგ, რაც ის პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილემ რამდენიმე წუთით გაიყვანა, ლუკა ანერვიულებული დაბრუნდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა.

„მას აძულებდნენ, ეღიარებინა, თითქოსდა, მან მოხატა „მწვანე სკოლის კედლები და შიდა ტერიტორია, ასევე უფროსის მოადგილის მიერ გაყვანილი იქნა ცალკე რამდენიმე წუთით, რის შემდგომაც უკვე დაბრუნდა ძალზედ ანერვიულებული და ატირებული. მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუმცა ეს არ აღმოუჩინეს. ასევე, როგორც მასალებიდან ირკვევა, რისი უფლებაც მოგვცა საგამოძიებო ორგანოში და ჩვენ გავეცანით მასალებს, ფაქტობრივად, ძველი სტილის დაკითხვა იყო, დაპირისპირებაც კი მოხდა, რასაც ამ ეტაპისთვის უარყოფს გამომძიებელი, რომელიც დაკავებულია“, - განაცხადა რევაზ აჭარაძემ.

ადვოკატის თქმით, როგორც მასალებიდან ირკვევა, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ „მინიმუმ სამი ან ოთხი ადამიანი ახორციელებდა მუქარას და იძულებას ლუკას მიმართ, შესაბამისად, ეს პირები უნდა იყვნენ იდენტიფიცირებულები, ამ შემთხვევაში მხოლოდ მარიანა ჩოლოიანია ცნობილი“, - აღნიშნა ადვოკატმა.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ, თვითმკვლელობის მიზნით მეცხრე სართულიდან გადახტა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. დაკავებისას გამომძიებელი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

XS
SM
MD
LG