Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკა სირაძის გარდაცვალების თემაზე აქცია გაიმართა რუსთავის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ


„სტუდენტურმა ასოციაციამ", ასევე, სხვა სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს შს სამინისტროს რუსთავის მთავარი სამმართველოს წინ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო.

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ სანთლებით გამოსახეს გარდაცვლილის სახელი. პლაკატებზე ეწერა: „სისტემა უნდა დაინგრეს!", „ამ ცხოვრების დედაც!" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მათე მგელაძემ, მოზარდის ტრაგედიაში დაადანაშაულა, როგორც შინაგან საქმეთა, ასევე განათლების სამინისტროები.

„სახელმწიფო სტრუქტურები ერთიანი სისტემაა, პოლიციური რეჟიმი, რომელმაც შეიწირა მოზარდის სიცოცხლე", - თქვა მათე მგელაძემ. აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ, პაპუნა პაპავამ, განაცხადა, რომ მოზარდის სიკვდილში ერთი კონკრეტული პირი, თუნდაც გამომძიებელი, დამნაშავე არ არის.

დამნაშავეა სისტემა, რომელმაც მოზარდის ბედი ამ გამომძიებელს მიანდო. „სისტემის დანგრევაში ვგულისხმობ მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი დამოკიდებულების შეცვლას, გაადამიანურებას, სამართლიანი საკადრო პოლიტიკის დამკვიდრებას სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის განათლების სისტემაში, მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო მანქანის ჰუმანიზაციას", - თქვა პაპუნა პაპავამ. აქციის დასრულების შემდეგ პოლიციის შენობასთან დარჩა წარწერები: „ამ ცხოვრების დედაც!", „ლუკა".

15 წლის ლუკა სირაძემ სკოლაში კედლებზე გაკეთებულ წარწერებზე გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. მოზარდი რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპულის ოჯახი და მათი უფლებადამცველები სამართალდამცველებს ბავშვის აღიარებითი ჩვენების იძულებით მოპოვების მცდელობაში ადანაშაულებენ.

საქმეზე დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების ერთი გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით. ის ბრალდებას უარყოფს.

XS
SM
MD
LG