Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალდებულ მარიანა ჩოლოიანს წინასწარი დაკავების იზოლატორში არ გადაიყვანენ


მარიანა ჩოლოიანი

სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლის, გამომძიებელ თამარ ხეთაგურის განცხადებით, 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის საქმეში ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

მარიანა ჩოლოიანისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ გამომძიებელმა ბრალდებულის იზოლატორში არგადაყვანის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა. რაც შეეხება ადვოკატს, მისი თქმით, მარიანა ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მან ბრალის დადგენის დოკუმენტზე ხელის მოწერა ვერ შეძლო და ამისთვის გარეშე პირის მოწვევა გახდა საჭირო.

გენერალური პროკურატურის თანახმად, 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის საქმის გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს ბრალი ჩვენების მიცემის იძულების მუხლით წარედგინა.

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 17 დეკემბერს დაკავებულ პოლიციის უფროს გამომძიებელ მ.ჩ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას.


2019 წლის 10 დეკემბერს, მ.ჩ.-მ, მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით, გამოკითხვის მიზნით, დედასთან ერთად დაიბარალ. ს. გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლ.ს.-ს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება.


აღნიშნულზე უარის შემდეგ, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, -აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG