Accessibility links

logo-print logo-print

აბაშიძე: ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი დროულად დაუბრუნდეს ოჯახს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაში დატოვების უკანონო გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამძიმებს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას და მიზანმიმართულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რაიმე პროგრესს.

როგორც აბაშიძემ თქვა, გაგრძელდება საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ხელისუფლება კვლავ არ დაიშურებს ძალისხმევას, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს დროულად დაუბრუნდეს.

„სიტყვები არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ამ წუთებში განვიცდი; საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან უპრეცედენტო თანადგომისა და არაერთი მოწოდების მიუხედავად, ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ტყვეობაში რჩება“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ და განაგრძო: - „აღარაფერს ვამბობ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრების მდგომარეობაზე. არ დარჩენილა არც ერთი ორმხრივი ან მრავალმხრივი ფორმატი, საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც არ დაგვეყენებინოს ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხი. ჩვენ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მხრიდანაც მოვისმინეთ იმედისმომცემი განცხადებები. სამწუხაროდ, შედეგი ჯერ ასეთია - ფრიად დრამატული. ჩვენ, როგორც აქამდე, კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა ჩვენი თანამოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს“.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG