Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის წინ ჟურნალისტებმა აქცია გამართეს


პარლამენტის შენობის წინ შეკრებილმა ჟურნალისტებმა მათ საქმიანობაში ბოლო დროს ხელის შეშლისა და ფიზიკური თავდასხმის ფაქტების გახშირება გააპროტესტეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორის, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და საქმიანობაში ხელის შეშლაზე ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ აქვს.

„ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას. ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.“, - წერია ქარტიის განცხადებაში, რომლის თანახმად, 20-21 ივნისს, „გავრილოვის ღამეს“ მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ამ საქმეების ეფექტიანი გამოძიება, ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა ხელისუფლებას სწრაფი და ადეკვატური რეაგირებისკენ მოუწოდეს.

XS
SM
MD
LG