Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უჩიპო პირადობის მოწმობა ერთი თვის ვადით გაიცემა


საქართველოს მოქალაქეები უჩიპო, ე.წ. ლამინირებულ, ქაღალდის მოწმობებს აღმსარებლობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის შემთხვევაში მიიღებენ. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ასეთი წესით გაცემულ პირადობის მოწმობებს მოქმედების ერთთვიანი ვადა ექნებათ.

„პირადობის მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე (ე.წ. ლამინირებული, ქაღალდის პირადობის მოწმობა) შეიძლება გაიცეს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც რწმენის გამო უარს აცხადებენ პირადობის ელექტრონული (ID) მოწმობის მიღებაზე. ბრძანების თანახმად, ასეთ შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს მისი აღმსარებლობისადმი კუთვნილების დამადასტურებელი საბუთი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პირადობის მოწმობის გაცემის ბრძანებაში იუსტიციის სამინისტრომ ცვლილებები მას შემდეგ შეიტანა, რაც მიმდინარე წლის 26 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემის წესის შესახებ კონსტიტუციური სარჩელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სადავო ნორმა.

მოსარჩელეები ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი სადავოდ ხდიან პირადობის მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემის წესს, რომელიც არ იძლევა აღნიშნული დოკუმენტების არაელექტრონული სახით, ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) გარეშე მიღების შესაძლებლობას. მათი მტკიცებით, „ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის („ჩიპის“) შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას“. შესაბამისად, მოსარჩელეები რწმენის გამო უარს აცხადებენ ასეთი დოკუმენტების მიღებაზე.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ №1404 კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება პირადობის მოწმობის გაცემის წესის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობას თანასწორობის უფლებასა და რწმენის თავისუფლებასთან მიმართებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG