Accessibility links

site logo site logo

მალხაზ მაჩალიკაშვილი: ამაღამ აქ ვარ, სანამ არ იტყვიან - "დიახ, სახელმწიფომ დააშავა"


პარლამენტის შენობის წინ მივიდა პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. ის მეუღლესთან ერთად აპირებს პარლამენტის შენობასთან ღამის გათენებას.

მისი სიტყვებით, მესამე ახალ წელს ხვდება რუსთაველის გამზირზე და ასე გააგრძელებს, სანამ სიმართლეს არ დაადგენს და ხელისუფლება არ აღიარებს თავის დანაშაულს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის სიტყვებით, ხელისუფლებამ დრო მაშინ იხელთა, როდესაც ის ერთი ღამით სოფელში იმყოფებოდა.

„მე აქ დავრჩები, კარავსაც გავშლი და ბანერსაც დავდგამ, მე მაქვს ამის უფლება, გამოვთქვა ჩემი პროტესტი. ამ კარავში მე თემირლანს ვხედავ და ეს კარავი აქ უნდა იდგეს. ისიც ბავშვია, როგორც აქ მოვლენ ბავშვები, მაგრამ არ მგონია, აქ ბავშვები მოვიდნენ“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი სიტყვებით, კარვების აღებამდე თბილისის მერიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ კარვების აღებას აპირებდნენ, რათა საბავშვო ატრაქციონები დაედგათ.

„მე ვუთხარი, ჩემს კარავს ხელი არ ახლოთ და დანარჩენი რაც დგას პატარა კარვები, შეგიძლიათ, აიღოთ და იქ დადგათ ატრაქციონები, ბავშვებმა რომ მართლა რაღაცა ზეიმი ნახონ. კაცურ სიტყვას გაძლევო, მაგრამ მიდი და ენდე?! ვის უნდა ენდო?“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისივე თქმით, ეს უკვე მეხუთე კარავია, რომელიც პარლამენტის შენობის წინ ჰქონდა გაშლილი და მეტის შესაძლებლობა ახლა არ აქვს. თუმცა, ღამეს მაინც პარლამენტის შენობის წინ გაათევს.

„ამაღამ აქ ვარ, როგორც პოლიციელი და ვიქნები მანამ, სანამ ეს ავადმყოფთა ბრბო არ იტყვის, რომ დიახ, სახელმწიფომ დააშავა, სანამ არ შეიქმნება პარლამენტში საგამოძიებო კომისია, ჩემს მეუღლესთან ერთად ვიქნები აქ“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მალხაზ მაჩალიკაშილის თქმით, პირველი კარვის დაშლის დროს 22 ათასი ხელმოწერა დაკარგა, ახლაც არ იცის, სად არის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები.

პარლამენტის წინ ტერიტორია 31 დეკემბერს, დაახლოებით ღამის პირველის ნახევარზე გაწმინდეს იქ არსებული კარვებისა და საპროტესტო ატრიბუტიკისგან, რასაც აქტივისტების და მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

თბილისის მერიის განცხადებით, საახალწლო დღეებში პარლამენტის წინ საბავშვო გასართობი ადგილისა და მარკეტის მოწყობის შესახებ ინფორმაცია აქციის მონაწილეებს მათ წინასწარ მიაწოდეს. როგორც ისინი აცხადებენ, კარვების აშლა წინააღმდეგობის გარეშე მოხდა და ინფრასტრუქტურა დასაწყობდება, ხოლო მიმართვის შემთხვევაში მესაკუთრეს გადაეცემა.

თბილისის მერიამ კარვების აყრა საახალწლოდ 2018 წელსაც სცადა. მაშინ რუსთაველის გამზირზე აქციებს ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ატარებდნენ. სამოქალაქო აქტივისტების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის შემდეგ თბილისის მერიამ კარვების აყრა გადაიფიქრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG