Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის საელჩო "ბოინგის" კატასტროფის წინასწარ ვერსიად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს


"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი თეირანის აეროპორტის მახლობლად
"უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი თეირანის აეროპორტის მახლობლად

უკრაინის საელჩო ირანში გამორიცხავს, რომ თეირანის აეროპორტის მახლობლად „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი ტერაქტი, ან სარაკეტო იერიშია. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით.

უკრაინის საელჩოს წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავის ძრავს ტექნიკური პრობლემები შეექმნა.

საელჩოს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე არაბულმა გამოცემამ Al Hadath-მა დაწერა, რომ უკრაინული თვითმფრინავი შეცდომით ჩამოაგდო ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ.

„უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ თვითმფრინავი "ბოინგ 737" დღეს, 8 იანვარს ჩამოვარდა თეირანის აეროპორტის მახლობლად.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ „ბოინგში“, რომელიც თეირანი-კიევის რეისს ასრულებდა, 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკატასტროფამდე რამდენიმე საათით ადრე, აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ ამერიკულ ავიაკომპანიებს აუკრძალა ფრენა ერაყის, ირანის და სპარსეთის და ომანის ყურეთა საჰაერო სივრცეში.

ფედერალურმა სააგენტომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 იანვარს, ირანმა სარაკეტო იერიშები განახორციელა ერაყის ბაზებზე მყოფი ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ.

ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც 3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს "ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ამ სამხედრო სამხედრო ოპერაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მოკლულია მსოფლიოში „ნომერ პირველი ტერორისტი“, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში დესტაბილიზაციას უწყობდა ხელს და ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედროებზე თავდასხმებს გეგმავდა. გენერალ სოლეიმანის მკვლელობის გამო, ირანი აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

XS
SM
MD
LG