Accessibility links

logo-print logo-print

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს


ლევან ახვლედიანი-"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელი

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო სასამართლოს მიმართავს. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა.

„იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ინვესტორებმა და კონსორციუმმა 75 მლნ დოლარზე მეტის ინვესტიცია განვახორციელეთ უკვე პროექტში, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, ჩვენ პრაქტიკულად აღარ გვრჩება სხვა გამოსავალი, მივმართავთ საარბიტრაჟო სასამართლოს“, - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა. იგი ამბობს, რომ უსაფუძვლოა მთავრობის წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ კონსორციუმმა ვალდებულებები ვერ შეასრულა.

"ვერ მივიღებთ ამ ბრალდებებს. ჩვენ ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ ამ პროექტის წარმატებაში. ინვესტირებულია 75 მილიონი, შესრულებულია გარკვეული სამშენებლო სამუშაოები.

ჩვენ მოვიძიეთ ბანკებიდანაც თანხები, ინვესტორებიდანაც თანხები, ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება პორტოპერატორთანაც, შევარჩიეთ კიდევ ორი კონტრაქტორი. თუმცა არათუ განხილვაში არ შემოვიდა მთავრობა, არათუ გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ განეხილა, მოეწვია ეს მხარეები, ესაუბრა, მან არც კი მოისურვა, რომ კონსტრუქციულ საუბარში შემოსულიყო. ამიტომ აქ ვერ მივიღებთ იმ ბრალდებას, რომ ვერ შევასრულეთ ჩვენი ვალდებულებები", - აღნიშნა ლევან ახვლედიანმა.

საქართველოს მთავრობამ დღეს, 9 იანვარს გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურას დაიწყებს. მთავრობა მიზეზად ასახელებს კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG