Accessibility links

სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციები აღმართეს


ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკანონო ინსტალაციები აღმართეს, რაც უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის კონტექსტში განიხილება. ეს „პროცესი წარმოადგენს იმ უკანონო აქტივობების ნაწილს, რასაც საოკუპაციო ძალები 2011 წლიდან ახორციელებენ საოკუპაციო ხაზის მთელ პერიმეტრზე“, - აცნობეს რადიო თავისუფლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც უკანონო ინსტალაციების დემონტაჟის საკითხს დააყენებენ.

„ყოველდღიურ რეჟიმში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამოქმედებულია ჩვენს ხელთ არსებული ყველა საერთაშორისო მექანიზმი. საერთაშორისო პარტნიორების მიერ, არაერთგზის დაფიქსირდა კონსოლიდირებული პოზიცია სოფელ ჩორჩანასთან განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის მახლობლად სიტუაცია 2019 წლის აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა, მას შემდეგ, რაც საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვა კანონიერად გახსნილი პოლიციის საგუშაგოს აღება და უარის შემდეგ, ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო განათავსა ჩორჩანას მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG