Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზური ოპოზიციის ლიდერი სოხუმის და თბილისის დიალოგის მომხრეა


ასლან ბჟანია
ასლან ბჟანია

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

ბჟანიას შეფასებით, მთავარია, დიალოგმა დადებითი შედეგი მოიტანოს და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მხარე იქნება მასში ჩართული: „მთავარია, ამ პროცესში ჩართული იყვნენ ადამიანები, რომლებსაც სურთ პროცესის ადამიანურ და მშვიდობიან ჩარჩოებში მოქცევა“.

„ამ თემაზე მე მაქვს ჩემი საკუთარი მოსაზრება და მზად ვარ იგი გავახმოვანო ნებისმიერ აუდიტორიაში, თუ საერთოდ, ჩემს აზრს ექნება რაიმე მნიშვნელობა“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

მისი თქმით, თუ შორეულ პერსპექტივაზეა საუბარი, ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური, თანასწორუფლებიანი და კეთილი ურთიერთობების დამყარება: „ამგვარ პერსპექტივას მე ვხედავ და მეტიც, ვიცი, როგორ შეიძლება მისი რეალიზება. საჭიროა, ჩვენ ერთმანეთს კარგად მოვუსმინოთ. დაახლოებით ასე წარმომიდგენია და ვხედავ ჩვენს დიალოგს“.

„რაც შეეხება ახლო პერსპექტივას, ვფიქრობ, რომ უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები და დარწმუნებული ვარ, ეს ხელს შეგვიწყობს ჩვენი პოზიციების დაახლოებაში. ამგვარი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ეკონომიკურ სფეროში”, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის განმეორებითი არჩევნები 22 მარტს უნდა ჩატარდეს. ე.წ. არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს მოჰყვა დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG