Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი შოთაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატად წარადგინეს


ირაკლი შოთაძე
ირაკლი შოთაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპორტესტო აქციები დაიწყო.

„დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა. რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება“, - განაცხადა 2018 წლის 31 მაისს ირაკლი შოთაძემ.

დღევანდელი, 16 იანვრის შუადღის მონაცემებით, გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარდგენილები არიან:

  • გრიგოლ გაგნიძე - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ თავმჯდომარე, ადვოკატი და უფლებადამცველი
  • რაულ გამისონია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, ადვოკატი.
  • სოფიო შენგელია - „კავკასიის უნივერსიტეტის“ კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.
  • პაატა გაბელია - „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ წევრი, იურიდიული კომპანია ,,სამართლის სახლის“ ადვოკატი.
  • ფიქრია ზირაქაშვილი - შპს ,,ჯი ფი აუთსორსინგის“ იურისტი.
  • იურისტი ვალერიან ვაჭარაძე - „თბილისი ენერჯის“ მონიტორინგის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი
  • მერაბ გამყრელიძე - იურისტი, „ლიბერთი“ ბანკის დეპარტამენტის უფროსი
  • დავით კლდიაშვილი - „საქართველოს ბანკის“ იურისტი
  • ირაკლი შოთაძე - „სილქნეტის“ იურიდიული კონსულტანტი, ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საბჭოში კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG