Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კელი დეგნანი: ელჩად მსახური უნიკალური შანსია მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად


საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადების ცერემონიაზე საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობათა სიღრმესა და იდეალების თანხვედრაზე ისაუბრა, საქართველოს პროგრესსა და რუსეთის ოკუპაციას გაუსვა ხაზი.

„ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. ამერიკის მსგავსად, საქართველომაც იბრძოლა დამოუკიდებლობის მისაღწევად - ეს რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა რუსეთის გამო საფრთხის ქვეშ რჩება. ახლა ერთად ვიბრძვით ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, რათა დავეხმაროთ ავღანელებს, დაიცვან თავიანთი თავისუფლება და ააშენონ თავიანთი დემოკრატია“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, საქართველო და შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორები არიან და შეერთებული შტატებისთვის პატივია ქართველი მეგობრების გვერდით დგომა.

„ეჭვგარეშეა, რომ საქართველო შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პარტნიორია. თითქმის ოცდაათწლიანი თანამშრომლობის განმავლობაში ჩვენ მოწმენი გავხდით შესანიშნავი ტრანსფორმაციისა, რაც ქართველების სიმამაცისა და საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის სიყვარულის შედეგია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

მან ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამაში დარწმუნდა აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ბაქრაძესა და მის მეუღლესთან სტუმრობისას.

„ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან. და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

მისი სიტყვებით, ელჩად მსახური უნიკალური შანსია მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად.

კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასცემს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

კალიფორნიელი კელი დეგნანი კარიერული დიპლომატია, აქვს მრჩეველი-დესპანის სტატუსი და საქართველოში ელჩად დანიშვნამდე მსახურობდა ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად.

მანამდე კელი დეგნანი მუშაობდა იტალიასა და კოსოვოში აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ.

25-წლიანი დიპლომატიური კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი პოლიტიკურ მრჩევლად საქმიანობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობაში და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ. ასევე, იყო ავღანეთში ამერიკული საბრძოლო ბრიგადის სამოქალაქო წარმომადგენელი.

საქართველოში აშშ-ის ელჩი ფილოსოფიის დოქტორია, აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში. ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.

აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელის, უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა. კელი დეგნანის დანიშვნამდე აშშ-ის ელჩის მოვალეობას საქართველოში ელიზაბეთ რუდი ასრულებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG