Accessibility links

ირაკლი ბერაია მოსკოვის განცხადებაზე: ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული


საქართველოს ნატოში ინტეგრაცია არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია. მისი ეს კომენტარი პასუხია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე. რომელშიც ნათქვამია - „რუსეთი მოელის, რომ აშშ და ნატო არ წააქეზებენ საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციისკენ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსეთი აკვირდება „ალიანსისა და ვაშინგტონის პოლიტიკური და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის თანდათანობით გაძლიერებას საქართველოსთან“.

როგორც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია რადიო თავისუფლებასთან საკითხის კომენტირებისას ამბობს, ნატოში ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანია და, შესაბამისად, საქართველოს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს.

„საქართველოს ნატოში გაწევრება და ამ მიზნით განხორციელებული აქტივობები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრება მხოლოდ საქართველოს და ნატოს მოკავშირეების გადასაწყვეტია და ვერცერთი სხვა სუბიექტი, მიუხედავად სამხედრო-პოლიტიკური ამბიციებისა თუ ბირთვული არსენალის სიდიდისა, ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს“, - ამბობს ირაკლი ბერაია.

რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კიდევ ერთ ნაწილს. უწყების თანახმად, რუსეთი „ინარჩუნებს ორმხრივი ურთიერთობების თანდათანობითი ნორმალიზაციის უცვლელ ინტერესს“, თუმცა ურთიერთობების ნორმალიზებაზე „უარყოფითად აისახა ქართველი რადიკალების ივლისის პროვოკაცია“, რის პასუხადაც რუსეთის ფედერაცია იძულებული იყო დროებით შეეჩერებინა საჰაერო მიმოსვლა საქართველოსთან. „მოსკოვში მოელიან, რომ მომხდარი გაკვეთილი იქნება თბილისისთვის“.

ამის თაობაზე ირაკლი ბერაია ამბობს, რომ „ურთიერთობების ნორმალიზების მექანიზმები მთლიანად რუსეთის ხელშია და ამ მექანიზმების ასამოქმედებლად რუსეთმა ის ვალდებულებები უნდა შეასრულოს, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითაა გათვალისწინებული“.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა თბილისში რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, ასამბლეის პრეზიდენტ სერგეი გავრილოვს. საპროტესტო აქციების გამო სხდომა ჩაიშალა, რუსეთის დელეგაცია კი იძულებული გახდა, თბილისი დაეტოვებინა.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG