თბილისში, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუქმოს ბათუმის სანაპიროზე, „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა.
„ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდა თბილისის იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ფუნქციონირებს ამ უწყების შენობის გაყიდვის შემდეგ.
აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმელ აქტივისტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმის“ განზრახვას, სანაპიროს ამ ნაწილში ააშენოს რამდენიმე ცათამბჯენი. თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ პირველი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.
თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს პლაკატი, წარწერით „არა ბეტონ-ყმობას“. გარემოს დამცველი აქტივისტების განცხადებით, ცათამბჯენების მშენებლობა გამოიწვევს ბათუმის სრულად ჩაბეტონებას და მოსპობს ზღვასთან ქალაქის დამაკავშირებელ ერთადერთ დარჩენილ გასასვლელს. აქტივისტების შეფასებით, ეს პროექტი ემსახურება არა ბათუმის და ბათუმელების, არამედ ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესებს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ბათუმის „რივიერაზე“ პარკი გაშენდეს და ის საზოგადოებრივ სივრცედ დარჩეს.