Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიას უნივერსიტეტმა დაადასტურა ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორის პლაგიატი


ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 პროცენტის მოცულობითაა დადასტურებული.

ეს დასკვნა პროფესორმა მისი მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.


სწორედ ამ მასალის გამოქვეყნების საფუძველზე ითხოვა იაგო კაჭკაჭიშვილმა უნივერსიტეტის საექსპერტო დასკვნა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში.

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნის შინაარსს რადიო თავისუფლებასთან ადასტურებს ილიას სახელობის უნივერსიტეტიც.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

XS
SM
MD
LG