Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნათია თურნავა: დადებითად შევხვდებით, თუ რუსეთთან ფრენები აღდგება


ნათია თურნავა
ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ საღი აზრიდან გამომდინარე აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეზღუდვას მოხსნის. ჟურნალისტებთან კომენტარში ნათია თურნავამ განაცხადა, რომ შეზღუდვების მიუხედავად, საქართველოში რუსი ტურისტები სახმელეთო გზითა და არაპირდაპირი ფრენებით მაინც ჩამოდიან:

„ჩვენ ყოველთვის დადებითად შევხვდებით იმას, თუ ეს სრულიად არარაციონალური შეზღუდვა მოიხსნება და ფრენები აღდგება. იგივე წლის შედეგებმა დაგვანახა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, მათ შორის რუსი ტურისტებიც ჩამოდიან სხვა გზებით, სახმელეთო გზით ან არაპირდაპირი ფრენებით. მართალია, მათ გაურთულდათ ჩამოსვლა, მაგრამ მაინც ჩამოდიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის საბაბი, რის გამოც აკრძალვა მოხდა, ანუ უსაფრთხოების თემები, აღარაა დღის წესრიგში.

თვითონ რუსი ტურისტები ჩამოდიან და ადასტურებენ, რომ მათთვის საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა. არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ საღი აზრიდან გამომდინარე, მაქვს მოლოდინი, მიხვდებიან, რომ ამ შეზღუდვას არანაირი აზრი არ აქვს“, - განაცხადა თურნავამ.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამიმოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG