Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტში მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება


დღეს ბრიუსელში ევროპის პარლამენტის დეპუტატთა წინაშე წარდგნენ საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ევროპარლამენტარებმა მწვავედ გააკრიტიკეს საქართველოს ხელისუფლება. მათ ყურადღება გაამახვილეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არსებობაზე, მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, საარჩევნო სისტემის რეფორმის შეფერხებაზე.

„როცა ჩვენ ვხედავთ თავდასხმას ოპოზიციაზე, არასამთავრობოებზე, მედიაზე, მოწინააღმდეგეებზე, ეს თქვენ, საქართველოს, არ დაგეხმარებათ ახალი მეგობრები იპოვოთ ევროპარლამენტში“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა რასა იუნკიავიჩენემ.

ევროპარლამენტარმა რაფაელ გლუკსმანმა ისაუბრა, მისი თქმით, 22 დამთხვევაზე, როცა ხელისუფლებას პოლიტიკური პრობლემები ექმნებოდა და ამავე დროს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ გამოძიება და მათთვის პროკურატურაში ბრალდებების წაყენება იწყებოდა.

ანდრიუს კუბილიუსმა ხელისუფლება გააფრთხილა, „თქვენი არჩევნების მიმართ საერთაშორისო ნდობა ძალიან ლიმიტირებული იქნება“, თუკი არ იქნება მიღებული არჩევნების პროპორციული სისტემაო.

„დაბოლოს, შეგიძლიათ, მითხრათ, არის საქართველოში ოპოზიციის რომელიმე ლიდერი, რომელიც პროკურატურაში არაა გამოძახებული?“ - განაცხადა კუბილიუსმა.

საარჩევნო სისტემას ეხებოდა ევროპარლამენტარ მარკ გალერის კრიტიკაც. „გულახდილად თქვით, ამბობდა თუ არა ბატონი ივანიშვილი, შეცვალეთ საარჩევნო სისტემა, თუმცა კულისებს მიღმა მისი ჩაშლის გეგმებს აწყობდა? თუ რეალურად ევროპელები ხართ, აღიარეთ“, მიმართა მან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს.

„ის ფაქტი, რომ თქვენ ვერ შეძელით დაპირების შესრულება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიის სასარგებლოდ არ მეტყველებს“, აღნიშნა ევროპარლამენტარმა სანდრა კალიენტემ. ამასთან, მან დამსწრეთ შეახსენა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, „რომელშიც ნათქვამია, რომ ოპოზიციის ბევრი ლიდერი დროს ციხეში გაატარებს მომავალში, ეს არის ის რაღაც, რაც ძალიან ძნელი მისაღებია“.

ევროპარლამენტარების კრიტიკას წინ უძღოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას გამოსვლები.

მათ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე, ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე.

„საქართველო არასდროს ყოფილა ევროკავშირთან ისე ახლოს, როგორც დღეს“, თქვა კუჭავამ თავის მოხსენებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG