Accessibility links

logo-print logo-print

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის მუშებმა სიტყვიერი დაპირება მიიღეს


ქუთაისში, ავანგარდის დასახლებაში მდებარე მეტალურგიული ქარხნის მუშებსა და კომპანიას შორის მეოთხე დღეა შრომითი დავა მიმდინარეობს, რის გამოც დასაქმებულები მუშაობაზე უარს ამბობენ და წარმოება შეწყდა. როგორც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის იურისტი ირაკლი მხეიძე განმარტავს, დღეს, 24 იანვარს, რამდენიმე საათი გაგრძელდა მოლაპარაკება ქარხანაში დასაქმებულ მუშებსა და მეტალურგიული ქარხნის ინვესტორის, ინდური კომპანია „ამბიკონ სტილსის“ გენერალურ მენეჯერსა და რეგიონულ წარმომადგენელთან.

ირაკლი მხეიძის თქმით, შედგა მოლაპარაკების პირველი რაუნდი და გადაწყდა, რომ დასაქმებულები უფლებადამცველების დახმარებით შეადგენენ ხელშეკრულების ფორმას, რომელიც საწარმოს მუშაობის 10 თვის განმავლობაში არ არსებობდა და ყველა მოთხოვნას დოკუმენტურად წარუდგენენ დამსაქმებელს.

„ხელშეკრულების პუნქტებში აისახება ყველა ის მოთხოვნა, რაც დასაქმებულებს აქვთ, მათ შორის, განისაზღვრება სახელფასო სარგო, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, სამუშაო პირობების გაუმჯობესება და სამედიცინო დაზღვევა“, - განმარტავს ირაკლი მხეიძე.

კომპანიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების შემდეგ მეტალურგიულ ქარხანაში დასაქმებულებმა თქვეს, რომ გარკვეულ პუნქტებზე სიტყვიერი შეთანხმების მიუხედავად, ხელშეკრულების გაფორმებამდე ქარხანაში მუშაობას არ გააგრძელებენ.

ქარხანაში დასაქმებული მუშების თქმით, მათ 10 თვის განმავლობაში ხელშეკრულების გარეშე უწევდათ მუშაობა, ასევე არ ურიგდებოდათ სამუშაოს შესრულების დროს სპეციალური სამოსი.

ქუთაისში, „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიულ ქარხანაში ამჟამად საქართველოს 200-მდე და ინდოეთის 60-მდე მოქალაქე მუშაობს. ქარხანა ადგილზე გადამუშავებული ლითონისგან სამშენებლო მასალას და არმატურას აწარმოებს.

23 და 24 იანვარს ქარხნის 200-მდე თანამშრომელმა შენობის შესასვლელთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები უქმე დღეების დასასვენებლად გამოყენების უფლებას და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით ანაზღაურებას მოითხოვენ.

„ვითხოვთ ხელფასის 30%-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს“, - აცხადებდა 23 იანვარს გამართული აქციის მონაწილე იმედა ჩეჩელაშვილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG