Accessibility links

logo-print logo-print

ჯონ ბოლტონის თანახმად, სამხედრო დახმარების სანაცვლოდ, პრეზიდენტს უკრაინისგან სურდა ჯო ბაიდენის საქმის გამოძიებაში დახმარება


ჯონ ბოლტონი

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, ჯონ ბოლტონი, თავის გამოუქვეყნებელ წიგნში უნდა აცხადებდეს, რომ დონალდ ტრამპს სურდა შეეჩერებინა უკრაინისათვის გათვალისწინებული სამხედრო დახმარება, თუ კიევი არ დაეხმარებოდა მისი პოლიტიკური მეტოქის, აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საქმის გამოძიებაში.

„ნიუ-იორკ ტაიმსის“ თანახმად, ჯონ ბოლტონი თავის წიგნში წერს, რომ მას ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა უთხრა. საუბარია უკრაინისათვის გათვალისწინებული ასეულობით მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების გაყინვაზე, ვიდრე კიევი არ დაიწყებდა გამოძიებას ჯო ბაიდენზე, რომელიც დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატია, და მის ვაჟზე, ჰანტერ ბაიდენზე.

დონალდ ტრამპმა ჯონ ბოლტონის სავარაუდო განცხადება 27 იანვარს ტვიტერის საშუალებით უარყო.

„მე არასოდეს მითქვამს ჯონ ბოლტონისთვის, რომ უკრაინისათვის გათვალისწინებული დახმარება უკავშირდება დემოკრატების, მათ შორის, ბაიდენის მიმართ გამოძიებას“.

ჰანტერ ბაიდენი იყო კიევში განთავსებული გაზის მწარმოებელი კომპანიის, Burisma Holdings-ის, საბჭოს წევრი მაშინ, როცა მამამისი იყო ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცე-პრეზიდენტი და თეთრი სახლის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა უკრაინის საკითხებში.

უკრაინელმა პროკურორებმა 2014 წელს აღძრეს კორუფციის შესახებ საქმე Burisma-ს წინააღმდეგ, რომლის მფლობელიც ყოფილი მინისტრია.


დონალდ ტრამპის ადვოკატებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს არასოდეს დაუკავშირებია უკრაინის დახმარება ზემოხსენებულ გამოძიებასთან.

„ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, დემოკრატმა კანონმდებლებმა კვლავ მოითხოვეს ბოლტონის დაბარება სენატში, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე დანიშნული განხილვის დროს.

პროცესი სენატში 27 იანვრის საღამოს დაიწყება.

წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებით, რომელიც სენატს გადაეგზავნა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრალად ედება ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, რაც უკავშირდება მის ნაბიჯებს უკრაინასთან მიმართებით. მისი ბრალდება ასევე ითვალისწინებს კონგრესისთვის ხელის შეშლას ამ ნაბიჯების გამოძიებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG