Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: პიკეტირება კანონდარღვევაა და შესაბამისი რეაგირება მოჰყვება


პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პიკეტირება და ბლოკირება კანონდარღვევაა და თუ ოპოზიცია ამგვარ მოქმედებას გააგრძელებს, რეაგირება კანონის შესაბამისი იქნება.

ამასთან, კალაძეს იმედი აქვს, რომ გარკვეული შეთანხმებები იქნება მიღწეული საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებისას, რომელიც დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს.

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვენ, ხვალ, 4 თებერვალს აპირებენ პარლამენტის პიკეტირების აქციის განახლებას. ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, „ქართულ ოცნებას“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაწყებული მოლაპარაკება.

დეკემბერში გამართულ ბოლო შეხვედრაზე „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. მანამდე ხელისუფლება არ დაეთანხმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

პოლიციამ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირების აქციები რამდენჯერმე დაშალა.

XS
SM
MD
LG