Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდათში ხანძარმა 6 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა


ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ ახალგაზრდა ქალი, მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი და ოჯახის ახლობელი ქალი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ქალის და 4 არასრულწლოვნის ცხედრები იპოვეს, მოგვიანებით, კი ხანშიშესული ქალის ცხედარი.

ხის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 3 თებერვალს, ღამით გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე გამოცხადდა გამოძახებიდან ორ წუთში. ამავე სამსახურის ცნობით, ცეცხლი გავრცელებული იყო დაახლოებით 200 კვ/მ ფართობზე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტრაგედიის ადგილზე მისულმა, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოჯახს, რომლის წევრებიც ხანძრის დროს დაიღუპნენ, ბაღდათის მერიამ საცხოვრებელი ფართი გამოუყო და ოჯახი წლების განმავლობაში სწორედ იქ ცხოვრობდა.

„რატომ იმყოფებოდნენ ამჟამად ამ სახლში, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს. საშინელი ტრაგედია მოხდა. ეს იყო მიტოვებული სახლი, სადაც ეს ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული“, - განაცხადა შალამბერიძემ.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ოჯახს რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს სოციალური დახმარება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG