Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარი გაუხსნა ახალგორში, ნოემბერში დაშავებულ თამარ გიგაურს


ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი
ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელი ოძისი

ოკუპირებული ახალგორიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადავიდა 67 წლის თამარ გიგაური, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და მძიმე ტრავმები მიიღო.

ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება დღემდე უარს ამბობდა თამარ გიგაურისთვის ე.წ. საზღვრის გახსნაზე, რათა მას სამედიცნო მომსახურება მიეღო რომელიმე ქართულ კლინიკაში. თამარ გიგაურის ნათესავების ინფორმაციით, მას ე.წ. საშვი მხოლოდ 4 თებერვალს მისცეს, დღეს, 5 თებერვალს კი, თამარ გიგაური ახალგორიდან წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან ჩავიდა. მას სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენი საქართველოსკენ გზა 24 იანვარს გაუხსნა ახალგორის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს, რომლებიც არ არიან „სამხრეთ ოსეთის“ ან რუსეთის მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქის პენსიას იღებენ. მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასასვლელად ე.წ. საშვებს აძლევენ. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენელთა ინფორმაციით, 6 თებერვლიდან „საზღვარი“ ისევ დაიკეტება და შემდეგ, ორ თვეში ერთხელ გაიხსნება.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე.წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან, აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG