Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილი თანამშრომლები კახეთში აქციას მართავენ


სახელფასო დავალიანებების გასტუმრების და სამსახურში აღდგენის მოთხოვნით „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ ყოფილმა თანამშრომლებმა დედოფლისწყაროში მდებარე ნავთობაზასთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, კომპანია „ფრონტერას“ 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ მართებს, რაც ჯამში მილიონ ლარამდე თანხას შეადგენს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიას საშუალებას არ მისცემენ, გაიტანოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოპოვებული ნავთობი.

აქციის მონაწილეებს კომპანიის თბილისის ოფისის წარმომადგენლები დახვდნენ, თუმცა მათ ტერიტორია ისე დატოვეს, რომ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

იმავე მოთხოვნით 6 თებერვალს თბილისში „ფრონტერას“ სათავო ოფისთანაც გაიმართა აქცია.

კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიამ“ თანამშრომლები სამსახურიდან 2019 წლის დეკემბერში დაითხოვა, რასაც წინ უძღოდა მათი გაფიცვა. გაფიცულები მაშინაც კუთვნილ ხელფასს ითხოვდნენ. მათ წერილობითი საყვედური და კომპანიიდან გათავისუფლების ბრძანებები ფოსტით მიიღეს.

„ფრონტერას“ ყოფილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ უკანონოდ გათავისუფლების გამო სასამართლოში უკვე იჩივლეს.

ამერიკული კომპანია „ფრონტერა“ საქართველოს ბაზარზეა 1997 წლიდან. მისი და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ დაფუძნებული კომპანია „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ კახეთის რეგიონში აწარმოებს ნავთობისა და გაზის კვლევა-ძიებისა და მოპოვებით სამუშაოებს.

ამჟამად მხარეებს შორის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მიმდინარეობს. „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" ამერიკული „ფრონტერასგან“ მოითხოვს სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილებას და საკონტრაქტო ტერიტორიის 99%-ის დაბრუნებას. თავის მხრივ, „ფრონტერა“ მოითხოვს 3.5 მილიარდი დოლარის კომპენსაციას.

XS
SM
MD
LG