Accessibility links

კორონავირუსით გარდაცვლილი ჩინელი ექიმის ამბავი


ლი ვენლიანი

იმ 630 კაციდან, რომლებიც კორონავირუსმა დღემდე იმსხვერპლა, ერთ-ერთი აღმოჩნდა 34 წლის ექიმი-ოფთალმოლოგი ლი ვენლიანი, რომელმაც პირველმა აცნობა საზოგადოებას უცნობი ვირუსის გამოჩენა ქალაქ უჰანში, სადაც კორონავირუსით თავადაც დაავადდა.

როგორც ცნობილი გახდა, ვენლიანმა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში უამბო კოლეგებს ამ ვირუსული ინფექციის მატარებელ პაციენტებზე, რასაც ჩინეთის ხელისუფლება საგულდაგულოდ უმალავდა მოსახლეობას.

არადა, ცნობები უცნობი წარმოშობის პნევმონიის ეპიდემიის შესახებ ქალაქ უჰანში დეკემბერში გაჩნდა. ჩინეთის ხელისუფლებას რამდენიმე კვირის განმავლობაში არ გადაუდგამს აქტიური ნაბიჯები კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

რაც შეეხება ვენლიანს, ჩინელი ექიმი ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ვირუსი, რომელიც ატიპურ პნევმონიას იწვევს, მაგრამ მოგვიანებით ვენლიანმა აღნიშნა, რომ ვირუსის სახე ჯერ კიდევ არ იყო დადგენილი.

ვირუსის შესახებ განგაშის ატეხის გამო, მხარდაჭერისა და ქების ნაცვლად, თავდაპირველად ექიმი პოლიციაში დაიბარეს და სასტიკად გაკიცხეს.

3 იანვარს სამართალდამცველებმა ექიმ ლი ვენლიანს საყვედური გამოუცხადე „ინტერნეტით ჭორების გავრცელებისა“ და „საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის“ გამო.

მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩინეთში კორონავირუსმა იფეთქა და უცნობი სენი ათასობით კაცს აღმოაჩნდა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის უმაღლესმა სასამართლომ დაგმო პოლიციის ქმედება და აღიარა, რომ ლე ვენლიანისათვის ყურის დაგდება იყო საჭირო.

მოგვიანებით ლი ვენლიანი დაუბრუნდა სამუშაოს. 10 იანვარს მასთან მიიყვანეს პაციენტი, რომელსაც გამოკვლევის პროცესში კორონავირუსი დაუდგინდა. ორი დღის შემდეგ ჩინელი ექიმი ციებ-ცხელებით საავადმყოფოში მოათავსეს და 1 თებერვალს კორონავირუსი დაუდგინეს.


თავდაპირველად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა ჩინელი ექიმის სიკვდილთან დაკავშირებით.

ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ გაზეთმა Global Times-მა გაავრცელა, მაგრამ შემდეგ ინფორმაცია უარყო.

პარასკევს ჩინეთის კომპარტიის გამოცემა „ჟემინ ჟიბაომ“ დაადასტურა ექიმ ლი ვენლიანის გარდაცვალება, ექიმისა, რომელმაც ჯერ გააფრთხილა საზოგადოება უცნობი ვირუსის შესახებ, შემდეგ კი ბოლომდე ეხმარებოდა კორონავირუსით დაავადებულ ადამიანებს, ვიდრე თავადაც არ გახდა ამ ეპიდემიის მსხვერპლი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG