Accessibility links

ახალი ამბები

ამერიკის კინოაკადემიამ საუკეთესო ფილმად "პარაზიტი" აღიარა

ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად აღიარა კორეელი რეჟისორის, ბონგ ჯუნ ჰოს ფილმი ”პარაზიტი”.

მან „ოსკარი“ მიიღო როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა ფილმმაც და გაიმარჯვვა საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაშიც. ბონგ ჯუნ ჰო დასახელდა საუკეთესო რეჟისორად.

„ოსკარის“ ისტორიაში „პარაზიტი“ პირველი ფილმია, რომელმაც გაიმარჯვა როგორც საუკეთესო ფილმის, ისე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიებში.

საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში „ოსკარი“ მიიღო რენე ზელვეგერმა ფილმისთვის „ჯუდი“, ხოლო საუკეთესო მსახიობი მამაკაცის კატეგორიაში გაიმარჯვა ხოაკინ ფენიქსმა. მას „ოსკარი“ გადაეცა როლისთვის ფილმში „ჯოკერი“.

მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის ქალ ნომინანტებს შორის „ოსკარი“ მიიღო ლორა დერნმა(ფილმი „ქორწინების ამბავი“). მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად აკადემიამ ბრედ პიტი აღიარა(ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში").

"ოსკარით" დაჯილდოების 92-ე ცერემონია ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი

გამყრელიძე: კანონი გვეუბნება დღეს, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის

მოახლოებულ ქრისტიანულ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ლიტურგიებზე დასწრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა ხალხს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

„ჩვენ დღეს ქვეყანაში გვაქვს საგანგებო მდგომარეობა. ჩვენ ვართ სამართლებრივი სახელმწიფო. საგანგებო მდგომარეობის თანახმად, აკრძალულია ყველაზე მთავარი, ბევრი ადამიანის ერთად შეკრება, რადგან სოციალური დისტანცირება გახლავთ ყველაზე მძლავრი იარაღი ამ დაავადებასთან და ინფექციასთან ბრძოლის. ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ადამიანის ჯანმრთელობა გახლავთ ყველაზე დიდი ფუნდამენტური უფლება ადამიანის უფლებებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მე რეკომენდაციას ვერ მივცემ და ვერ ვიტყვი, რომ კანონის საწინააღმდეგოდ ჩვენ ვიმოქმედოთ“, - თქვა გამყრელიძემ „ფეისბუკზე“ მიმდინარე პირდაპირ ეთერში.

ამირან გამყრელიძე შეზღუდვებს ასე განმარტავს: „კანონი გვეუბნება დღეს, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ ის ერთია მორწმუნისთვის, ათეისტისთვის და ყველასთვის. ჩვენ არ უნდა შევიკრიბოთ და ერთ სივრცეში არ უნდა იყოს გარკვეულ დისტანციებზე მყოფი სამ ადამიანზე მეტი. აქედან გამომდინარე, მაინც ჩემი რჩევა იქნება მოსახლეობისადმი, რომ გამომდინარე დიდი საშიშროებიდან, რაც არსებობს ეპიდემიის ფართო მასშტაბის მიღებისა ჩვენს ქვეყანაში (როგორიც არის დღეს ევროპის ყველაზე უფრო განვითარებულ ქვეყნებში), თავი შევიკავოთ წელს მაქსიმალურად, რამდენადაც შეგვიძლია, დავრჩეთ სახლში. მივცეთ საშუალება ჩვენს მღვდელმთავრებს, რომ დისტანციურად, ტელევიზიის საშუალებით ვიყოთ ჩართული ლოცვასა და წირვაში. იგივე, რომ ჩვენ დავიცვათ მათი და ჩვენი ჯანმრთელობა. ეს იქნება ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რეკომენდაცია მოსახლეობისადმი“.

1 აპრილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ გამოაქვეყნა მიმართვა. მისი ერთ-ერთი რჩევაა, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, მათ შორის, ტაძარში და ტაძრის ეზოში ყოფნისას, დაცული იყოს დადგენილი დისტანცია.

ზიარების წესი კი უცვლელი რჩება. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 20 მარტის სხდომაზე კორონავირუსის (COVID-19) შესახებ მიიღეს განჩინება, რომლის თანახმად, საერთო კოვზით ზიარებაზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი 65-ზე მეტი წლის პატიმრებს შეიწყალებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვიტა შეიწყალოს 65-ზე მეტი ასაკის პატიმრები, რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ზომას ქვეყანაში კორონავირუსის პროგრესის შესაჩერებლად.

6 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა დეკრეტს, რომლის საფუძველზე შეწყალება შეეხება 176 მსჯავრდებულს. პრეზიდენტის ამნისტიით საპატიმროს დატოვებს ასევე ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალი აკიფ კოვდაროვი, აზერბაიჯანის უშიშროების სამინსიტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კორუფციისა და სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით 2017 წელს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ილჰამ ალიევმა 6 აპრილს კიდევ ორი კვრიით, 20 აპრილამდე გააგრძელა ქვეყანაში შემოღებული კარანტინის წესები.

აზერბაიჯანში 7 აპრილის მონაცემებით კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 717-ს აღწევს. აქედან 44-ი პაციენტი განიკურნა. 8 ავადმყოფი გარდაიცვალა.

გამყრელიძის თქმით, მარნეულსა და ბოლნისში ჯამში 15-მდე ინფიცირებული გამოვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში ჯამში 12-დან 15-მდე ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ორი მუნიციპალიტეტის ჩაკეტვის შემდეგ ტემპერატურა 80-მდე ადამიანს დაუფიქსირდა, მათგან 30 კი ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. ე.წ. მარნეულ-ბოლნისის კლასტერიდან მოქალაქეები კვლავ აგრძელებენ მკურნალობას. მათგან ერთი გარდაიცვალა.

მარნეული და ბოლნისი დაახლოებით ორი კვირის წინ ჩაიკეტა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსი დაუდგინდა ქალს, რომლის ინფიცირების წყაროც ვერ დგინდებოდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში სულ 196 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 46 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

გამყრელიძის თქმით, შემთხვევების რაოდენობა კვირის ბოლოს 350-400-ს მიაღწევს

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა „ფეისბუკზე“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მოსალოდნელი მასშტაბების შესახებ.

„ვპროგნოზირებთ, რომ კვირის ბოლოს უნდა გვქონდეს 350-400-ის ფარგლებში [შემთხვევების რაოდენობა]. ჩვენი გამოსვლების დროს აღინიშნებოდა, რომ ეს თვე (აპრილი) იქნებოდა საკმაოდ რთული. შემდგომ ყოველკვირეულ დაახლოებით ველოდებით, რომ შეიძლება, იყოს გაორმაგება. აპრილი, მაისის პირველი კვირა იქნება საკმაოდ რთული, ამიტომ ყველა ის რეკომენდაცია, რასაც ვამბობთ, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით კი სოციალური დისტანცირება“, - აღნიშნავს გამყრელიძე. ის სხვადასხვა ქვეყანაში შემთხვევათა რაოდენობის კლების ტენდენციას მძლავრი სოციალური დისტანცირების ინსტრუმენტებს უკავშირებს. მისი შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველომ საკმაოდ ადრე და დროულად გადადგა და სწორედ, ამით არის განპირობებული დიდი ეპიდაფეთქების თავიდან აცილება.

ამირან გამყრელიძე სხვა მოდელებსაც შეეხო. „თუმცა არის სხვა მოდელები, რომლებიც გვიწინასწარმეტყველებენ, რომ პიკი შეიძლება, იყოს უფრო მოგვიანებით, ვთქვათ, ივლისში, ან სექტემბერში და ა.შ. ამაზე გარკვეული პერიოდულობით ჩვენთან იკრიბება ჯგუფი, ამაზე ვმსჯელობთ და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, დაესწროს ამ შეხვედრებს“, - თქვა მან.

გამყრელიძემ უპასუხა შეკითხვას, ყველაზე ცუდი პროგნოზით, როგორი შედეგები არის მოსალოდნელი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ აპრილის ბოლოს იქნება 1000-1200 შემთხვევა და ამავე დროს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ბევრად მოიმატებს.

„არ მოგახსენებთ ყველაზე რთული ვერიის შემთხვევაში, რამდენი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ერთდროულად", - დასძინა მან.

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ საქართველოში 46-ს მიაღწია. კორონავირუსი სულ 196 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის, გარდაიცვალა 3 ადამიანი. სულ 3 457 ტესტია დახარჯული. კარანტინის რეჟიმში 4 708 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

WhatsApp-ი შეზღუდვას აწესებს კორონავირუსზე ყალბი ცნობების გავრცელების თავიდან არიდების მიზნით

კორონავირუს COVID-19-ის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, კომპანია WhatsApp-მა 7 აპრილიდან ხუთიდან ერთ კლიენტამდე შეზღუდავს ჩათში ყველა სახის ინფორმაციის გაცვლას.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად დღეიდან WhatsApp-ის მომხმარებელს უფლება ექნება კონტენტი ერთდროულად გაუზიაროს მხოლოდ ერთ ადამიანს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) დეზინფორმაციულ „ინფოდემიას“ უწოდებს კორონავირუსის პანდემიას, რომელსაც მსოფლიოში 70 ათასაზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და რამაც აიძულა მსოფლიოს ქვეყნების მთავრობები სოციალური მედიისათვის მოეწოდებინა უფრო ქმედითი ზომები მიეღო დეზინფორაციასთან საბრძოლველად.

კომპანია WhatsApp-ი, რომლის უფასო კომუნიკაციის სისტემას, მსოფლიოში 2 მილიარდი მომხმარებელი ჰყავს, თავის განცხადებაში მიუთითებს, რომ კორონავირუსის გავრცელების შემდეგ საგრძნობლად იმატა შეტყობინებების რაოდენობამ. „ჩვენ გვესმის ასეთი შეტყობინებების გაგზავნის შემცირების მნიშვნელობა, რათა შევინარჩუნოთ WhatsApp-ი, როგორც პირადი მიმოწერის სივრცე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, WhatsApp-მა 2018 წელსაც მიმართა ასეთი შეზღუდვის დროებით ზომას მას შემდეგ, რაც მისი პლატფორმით გავრცელებულ ჭორებს მასობრივი ჩხუბი და ადამიანების დაღუპვა მოჰყვა ინდოეთში.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 196-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირება უკვე 196 მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სულ 3 457 ტესტია დახარჯული. მათი ნაწილი ინფიცირებულ მოქალაქეთა ხელმეორედ გატესტვას მოხმარდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 46 ადამიანი განიკურნა, 3 კი გარდაიცვალა.

მაიკ პომპეომ "ტერორისტულად" სცნო რუსული ულტრანაციონალისტური "იმპერიული მოძრაობა"

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „საერთაშორისო ტერორისტულ“ ორგანიზაციად სცნო რუსეთში დაფუძნებული, ულტრანაციონალისტურ ჯგუფი, "იმპერიული მოძრაობა", რაც წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როდესაც თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგიის მქადაგებელ ჯგუფს და მის სამ ლიდერს „ტერორისტების“ კვალიფიკაცია ენიჭება.

როგორც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, „ჩვენმა ქვეყანამ ერთსულოვნად უნდა დაგმოს რასიზმი, ფანატიზმი და თეთრკანიანთა აღმატებულობის იდეოლოგია“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, 7 აპრილის სპეციალურ განცხადებაში.

მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონტრტერორისტული პროგრამის კოორდინატორმა, ნეითან სეილსმა 6 აპრილს ამ ნაბიჯს "უპრეცედენტო" უწოდა და თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ამ მოძრაობას "უდანაშაულოთა სისხლით აქვს დასვრილი ხელები".

ეს ჯგუფი საკუთარ თავს აღწერს "რუს მართლმადიდებელ ეროვნულ-პატრიოტულ და მონარქისტულ ორგანიზაციად", რომელიც მიზნად ისახავს რუსეთში ავტოკრატიული მონარქიის აღდგენას. ჯგუფის მიზნებში ასევე შედის რუსეთის მონოეთნიკურ სახელმწიფოდ გამოცხადება, რომელიც კონცენტრირებული იქნება, ჯგუფის აზრით რუსი ხალხის სამ განშტოებაზე - რუსებზე, უკრაინელებზე და ბელორუსებზე. მოძრაობას წარმომადგენლობები აქვს სანკტ-პეტერბურგში, მოსკოვში და ნიჟნი ნოვგოროდში. ჯგუფის გასამხედროებული ფრთა, იმპერიული ლეგიონი, წევრებს წვრთნის საბრძოლო მეთოდებში.

ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში რუსული "იმპერიული მოძრაობის" შეყვანა მიმართულია იქით, რომ ტერორისტებს გამოაცალოს ყველა საჭირო რესური თავდასხმების მოსამზადებლად და მოსაწყობად. ბლიკირებული იქნება ამ ჯგუფისა და მისი წევრების არსებული ფინანსური აქტივები და ანგარიშები აშშ-ის ტერტორიაზე, ხოლო ამერიკის მოქალაქეებს ეკრძალებათ რაიმე სახის გარიგებაში მონაწილეობა ამ ჯგუფის წევრებთან, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში.

სომხეთში წუხელ კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვმა გადააჭარბა დასნებოვნებულებს

სომხეთის პრემიერ-მინსიტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წუხელ სომხეთში კორონავირუსისგან განიკურნა 25 პაციენტი, ხოლო ინფექცია დაუდგინდა 20 ადამიანს, რაც პირველი შემთხვევაა ეპიდემიის განმავლობაში, როდესაც გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მეტი აღმოჩნდა დაინფიცირებულებისაზე.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ცნობით, გუშინ დილით ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო დღეებში ეს დინამიკა შენარჩუნდება, რაც ხელისუფლებას მისცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი ორშაბათიდან შეარბილოს კორ0ნავირუსთან დაკავშირებით შემოღებული შეზღუდვები.

7 აპრილისთვის სომხეთში კორონავირუსით დაავადებული 758-ი პაციენტი გადის მკურნალობას საავადმყოფოებში. განიკურნა 87, ხოლო კორონავირუსისგან გარდაიცვალა 8 კაცი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 46 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ახალი სახეობის კორონავირუსით ინფიცირებულთაგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 46-ს მიაღწია. 7 აპრილს, 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სულ 195 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4708 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 370.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის შესახებ ცნობა ვრცელდება

გუდაუთის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოს პაციენტს ახალი კორონავირუსით დაინფიცირება დაუდგინეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში დაინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია კორონავირუსული ინფექციისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიულ შტაბთან დაახლოებული წყაროებისგან გავრცელდა.

აქამდე იტყობინებოდნენ, რომ კორონავირუსზე გამოკვლევა 86 ადამიანს ჩაუტარდა და არცერთ მათგანს ვირუსი არ დაუდგინდა.

3 აპრილის მონაცემებით, ოკუპირებული გალიდან სამეგრელოში, ჯამში, 7 მოქალაქე გადმოვიდა, რომელთაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ. აქედან covid-19 მხოლოდ ერთს, სოფელ საბერიოს მკვიდრს, 50 წლის ქალს დაუდასტურდა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში რუსეთიდან ჩავიდა. ის ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ქალს ზუგდიდში ჩამოსვლამდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სულ ცოტა 30 პირთან ჰქონდა კონტაქტი. სოხუმი ირწმუნება, რომ ყველა მათგანი შესწავლილია და ეს პირები იმყოფებიან კარანტინში. ამასთან, 31 მარტს, გვიან ღამით, ოკუპირებული გალის რაიონიდან სამეგრელოს რეგიონში გადაიყვანეს 7 მოქალაქე, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ covid-19-ით დაავადებულ ქალთან. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულ ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან მოთავსებული.

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს საკმარისი დამცავი საშუალებები არ აქვს

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერი პრაქტიკული ცენტრის დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოს საკმარისი დამცავი საშუალებები არ აქვს, ამდენად, ნატოსა და ევროკავშირის დახმარება მნიშვნელოვანია.

„ცხადია, საქართველოს არ აქვს საკმარისი რაოდენობით ყველაფერი, არ აქვს საკმარისი რაოდენობით დამცავი საშუალებები, საკმარისი რაოდენობით ტესტ-სისტემები და, რა თქმა უნდა, ნატოსგან თუ ევროკავშირისგან მიღებული ჰუმანიტარული დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ჩვენმა სახელმწიფომ, იმედი მაქვს, რომ როგორც სხვა რამეს მოაბა თავი კარგად, ამასაც მოაბავს თავს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ინფექციურ საავადმყოფოს არ მიუცია ხელისუფლებისთვის რეკომენდაცია ჰუმანიტარული დახმარების მიღების საკითხში. ამ პროცესში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო მონაწილეობდნენ.

3 აპრილს საქართველომ COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში საჭირო აღჭურვილობით დახმარების თხოვნით მიმართა ნატოს „კატასტროფებზე რეაგირების ევროატლანტიკურ საკოორდინაციო ცენტრს“. საქართველო ცენტრისგან ითხოვს სხვადასხვა მატერიალურ აღჭურვილობასა და ჰიგიენის საშუალებებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 45 განიკურნა.

განკურნებული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღეს, 7 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირებული, 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი - 370.

დაუნინგ სტრიტი უარყოფს, თითქოს ბორის ჯონსონი ხელოვნურ აპარატზე იყოს მიერთებული

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული, არ აღმოაჩნდა პნევმონია და არ არის მიერთებული ფილტვების ხელოვნური ვენტილიაციის აპარატს, - ამის შესახებ განაცხადა მისმა პრესმდივანმა.

დაუნინგ სტრიტ 10-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯონსონს მიეწოდება ჟანგბადი, რადგან იგი სუნთქვის პრობლემებს განიცდის. პრემიერ-მინისტრი „კარგ განწყობაზეა“, აცხადებენ ჯონსონის ოფისში.

ბრიტანეთის დედოფალმა, ელისაბედ მეორემ, „ბი-ბი-სის“ ცნობით, მხარდაჭერის წერილი გაუგზავნა ბორის ჯონსონს და მის პარტნიორს, კერი სიმონდს. მონარქმა სწრაფი და სრული გამოჯანმრთელება უსურვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს და აღნიშნა, რომ ლოცულობს მათზე.

ბორის ჯონსონს კორონავირუსი 11 დღის წინ, 26 მარტს დაუდგინდა. იგი ლონდონის საავადმყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ, რადგან მისი მდგომარეობა არ უმჯობესდებოდა.

საქართველოს პატრიარქი: „ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხარების დღესასწაული მორწმუნეებს ვიდეომიმართვით მიულოცა:

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს, ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით.

ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით არის, უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ უღვთოდ არაფერი არ ხდება“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ტელეკომპანია „ერთსულოვნებამ“ გაავრცელა. მიმართვაში ილია მეორე ამბობს, რომ ყველა სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს:

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, იმ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს, ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერა ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ეს სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს“, - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.​

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს, 7 აპრილს ხარების დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვას არ დასწრებია. საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პატრიარქმა ექიმების რჩევა გაითვალისწინა.

მისივე განმარტებით, პატრიარქი დაესწრება წირვებს ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე, რომლებიც 12 და 19 აპრილს გაიმართება.​

თენგიზ ცერცვაძე: შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს

„ვერ შევინარჩუნებთ ამ სიტუაციას ბოლომდე, მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში, ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით, ინფექციის გავრცელების დინამიკა მაჩვენებს ამას“, - განაცხადა შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, იმ ქვეყნებში, სადაც დაიწყო შიდა გავრცელება, ამას მოჰყვა ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა - ასეულები და ათასეულები ყოველდღიურად.

საქართველოში კი, მისი სიტყვებით, შიდა გადაცემის პირველ შემთხვევად მიიჩნევა მარნეულის შემთხვევა. მარნეულის შემთხვევიდან 10-12 დღის შემდეგ ფიქსირდება მატება, მაგრამ ჯერჯერობთ, არც ერთ დღეს არ ყოფილა ახლად გამოვლენილ 20 შემთხვევაზე მეტი.

„ეს, შიდა გადაცემის სტადიისთვის, ანუ ინფექციის გავრცელების სტადიისთვის, არის ძალიან ცოტა. ეს იგივეა, რაც წინა სტადიაზე 1,2,3 შემთხვევა. იმიტომ, რომ ყველა სხვა ქვეყანაში, გადახედეთ სტატისტიკას, ფიქსირდება 500 შემთხვევა, ჩვენთან 2 ათეულ შემთხვევას არ გადაცდენია“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, „საქართველოში შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ის ფარგლებში. 1000-სა და 2000-ს შორის“.

„ჩემი პროგნოზით, პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ, ეს არის ჩემი პროგნოზი და არ ეფუძნება მტკიცებულებებს და ამაზე მე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი და ეს პიკი შენარჩუნდება კიდევ 2-3 კვირის მანძილზე და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, ჩემი პროგნოზით, ეპიდემია წავა ქვემოთ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ, რომლის სიტყვებითაც, საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 45 განიკურნა.

განკურნებული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღეს, 7 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირებული, 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი - 370.

საქართველოში კორონავირუსისგან უკვე 45 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 195 ადამიანიდან 45 განიკურნა. მონაცემები stopCoV.ge-ზე უკვე ასახულია.

განკურნებული ადამიანების რაოდენობასთან ერთად, გაიზარდა გარდაცვლილთა სტატისტიკაც. დღეს, 7 აპრილს კიდევ ერთი ინფიცირებული, 86 წლის ქალი გარდაიცვალა. ის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი - 370.

საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარდაიცვალა 86 წლის ქალი.

"პრაქტიკულად, ეს იყო ყველაზე მძიმე პაციენტი... პრაქტიკულად, არ ჰქონდა ფილტვში ჯანმრთელი ქსოვილი", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 195 შემთხვევა დადასტურდა. აქედან სამი გარდაიცვალა, 45 კი გამოჯანმრთელდა. გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 4 708 ადამიანი, სტაციონარში კი 370.

გაერომ სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ ანგარიშში გვერდი აუარა რუსეთის ხსენებას

რუსეთის ბომბდამშენის რეიდი სირიაში

სირიაში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის თაობაზე გაეროს მიერ ჩატარებულ გამოძიების დასკვნაში აღნიშნულია, რომ დიდი ალბათობით სირიის რეჟიმსა და მისი მოკავშირეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა რამდენიმე სამოქალაქო ობიექტზე განხორციელებული იერიშებისათვის. მაგრამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი სირიის მთავარი სამხედრო დონორის, რუსეთის კონკრეტულ პასუხისმგებლობაზე, რამაც უფლებადამცველების აღშფოთება გამოიწვია.

გამოძიებამ წარმოადგინა „უღიმღამო“ ანგარიში, რომელიც ყოველმხრივ უვლის გვერდს რუსეთის ხსენებას, რომელიც სირიის რეჟიმთან ერთად უფლებების მთავარი ხელმყოფია, - ნათქვამია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის თავმჯდომარის, კენეთ როთის მიერ ტვიტერით მიერ გავრცელებულ კომენტარში.

თავის დროზე, სწორედ უფლებადამცველები მოუწოდებდნენ გაეროს, რომ გამოეძია სირიაში სამოქალაქო ომის დროს ჩადენილი სამხედრო დანაშაულის ფაქტები.

გაეროს მიერ 6 აპრილს გამოქვეყნებულ 185-გვერდიან ანგარიშში შესწავლილია სირიაში ბავშვების სამკურნალო დაწესებულების, საავადმყოფოს, ერთ-ერთი სკოლის, ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის, სულ ოთხი ობიექტის, დაბომბვის ფაქტი. გამოძიების დასკვნით, ამ ობიექტებზე თავდასხმისათვის „დიდი ალბათობით“ პასუხისმგებლობა ეკისრება სირიის სამთავრობო ჯარებსა და მის მოკავშირეებს.

უფლებადამცველები ხშირად ადანაშაულებდნენ სირიის სამთავრობო ჯარებს სამოქალაქო ომის დროს ფართომასშტაბინი სამხედრო დანაშაულისა და სამოქალაქო ობიექტების გამიზნული დაბომბვისათვის. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთზე, რომელიც სირიის რეჟიმის მთავარი სამხედრო და ეკონომიკური დონორია.

2015 წელს რუსეთის სამხედრო ინტერვენციამ სირიაში, ომის სასწორი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარეს გადახარა. ამჟამად სამთავრობო ჯარების მთავარ სამიზნეს წარმოადგენს სირიელ მეამბოხეთა ბოლო ციტადელი, ჩრდილო-აღმოსავლეთ იდლიბის პროვინციაში.

ლევან დავითაშვილმა „მწვანე ალტერნატივისა“ და საია-ს განცხადებას „ყოვლად უპასუხისმგებლო“ უწოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გამოეხმაურა ორი არასამთავრობო ორგანიზაციის „მწვანე ალტერნატივისა“ და საია-ს ერთობლივ განცხადებას. „მინდა სრული პასუხისმგებლობით აღვნიშნო, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, პირველი. მეორე, ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების, არის ყოვლად უპასუხისმგებლო“, - აღნიშნა მინისტრმა და მოგვიანებით ისიც დაამატა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება უფრო მკაცრადაც შეფასდეს.

დავითაშვილის თქმით, საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნები ახლებურ მიდგომებს გულისხმობს. „ეს უკავშირდება ძალიან დიდწილად გამოყენებას დისტანციური კომუნიკაციების საშუალებების, ვიდეოკონფერენციების, ელექტრონული საშუალებების და სხვა“, - ამბობს მინისტრი.

როგორც ლევან დავითაშვილი განმარტავს, გარემოზე ზემოქმედების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მთავრობის დისკრეციას, რომლის შემთხვევაშიც მთავრობას გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშეც შეუძლია საქმიანობის უფლების მინიჭება. მაგრამ, მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება ასეთ მიდგომას ემიჯნება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თითოეული მოქალაქის მოსაზრების გააზრება და მიღება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კომუნიკაციების ახლებურ საშუალებებს. თუმცა მოსახლეობის ჩართულობა ამ პროცესში არის ყოვლად უზრუნველყოფილი. პირიქით, ჩვენ დეტალური პრეზენტაციების განთავსებას ვახდენთ ამ ბოლო დროს ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდებზე, ისე, რომ საზოგადოებამ კონკრეტული პროექტის შესახებ ექსპერტული ინფორმაცია მიიღოს. ასევე, მათ აქვთ საშუალება დასვან კითხვები, გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე, მიიღონ პასუხები, ისე რომ საზოგადოების ჩართულობა აბსოლუტურად უზრუნველყოფილია“, - თქვა დავითაშვილმა. მან დასძინა, რომ სამინისტრო ყველანაირი პირობით კანონმდებლობის მოთხოვნებს იცავს.

6 აპრილს „მწვანე ალტერნატივამ" და საია-მ განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მთავრობას მოუწოდეს, საგანგებო მდგომარეობის დროს შეაჩეროს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღება.

„იმის ნაცვლად, რომ პროექტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესი საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულიყო, მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი ჩვეულად გაგრძელდება, საზოგადოების მონაწილეობის შესაძლებლობების მნიშვნელოვანი შეზღუდვით და საჯარო განხილვის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.

დავითაშვილი: კატეგორიულად გამოვრიცხავთ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის განმავლობაში

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოში პური არ უნდა გაძვირდეს. მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ფქვილის ფასი დაზღვეული აქვს საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან პროდუქტს შეეხება:

„რეალურად იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი პირველ რიგში შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, ვიდრე ზოგადად ფასების გაძვირების წინაპირობები შეიქმნებოდა, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი განმარტებით, პროცესზე ხორციელდება სრული მონიტორინგი და პურის გაძვირება საგანგებო მდგომარეობის მთელი პერიოდის განმავლობაში კატეგორიულად გამორიცხულია.

"საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც. და აქ მე შემიძლია ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირას ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო - საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ ჩამოთვლილ 9 სასურსათო პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება.

15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით ამ პროდუქტებზე სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ 26 მარტს მიიღო.

რა შემთხვევაში გაიხსნება აგრარული ბაზრები - ლევან დავითაშვილის განმარტება

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, მათ მუშაობის საშუალება ექნებათ. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

"თითოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს თითოეულ მუნიციპალიტეტში შექმნილი შტაბების გადაწყვეტილებით და დაცული იქნას სტანდარტები", - თქვა მან.

ბაზრებმა გასახსნელად აუცილებელია:

  • დასაქმებული პერსონალის დამცავი საშუალებებით აღჭურვა;
  • დეზინფექციის, ჰიგიენური და სანიტარული პირობების დაცვა;
  • თითოეული დასაქმებული ადამიანის მონაცემების შეგროვება, მათი კონტაქტებისა და მოგზაურობის ისტორიის დადგენა;
  • დახლებს შორის დისტანციის დაცვა;
  • სამუშაოდ არ დაიშვებიან ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
  • შეზღუდვა გავრცელდება 70 წელს გადაცილებულ მოვაჭრეებზეც.

დღეს, 7 აპრილის დილიდან საქართველოში თითქმის ყველა აგრარული ბაზარი დაიხურა. წესების დარღვევისთვის ბაზრის ადმინისტრაცია 15 ათასი ლარით, მოვაჭრე კი 3 ათასი ლარით დაჯარიმდება,

კორონავირუსით გამოწვეული სავალუტო აჟიოტაჟის გამო $2 მილიარდით შემცირდა უკრაინის რეზერვები

ჰრივნა - უკრაინის ეროვნული ვალუტა

უკრაინის საერთაშორისო რეზერვები 1 აპრილის მონაცემებით დაახლოებით 2 მილიარდით შემცირდა და ამჟამად შეადგენს $ 24,9 მილიარდს, - ნათქვამია უკრაინის ნაციონალური ბანკის საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

სავალუტო რეზერვის შემცირების მიზეზებად სახელდება ბაზარზე ეროვნული ვალუტის - ჰრივნის სწრაფი გაუფასურების ტენდენციის შესაჩერებლად ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენცია და ასევე დოლარზე გაზრდილი მოთხოვნილება იურიდიული და ფიზიკური პირების მხრიდან.

გარდა ამისა, უკრიანის ხელისუფლებამ დაახლოებით ნახევარი მილიარდი დოლარი გადაურიცხა საერთაშორისო სავალუტო ფონდს სახელმწიფოს ვალისა და სახელმწიფოს გარანტით გაცემული სესხის მომსახურების დასაფარავად.

7 აპრილის მონაცემებით უკრაინაში კორონავირუსით დაინფიცირებულია 1462 კაცი, 28 პაციენტი განიკურნა. 45 შემთხვევა კი ავადმყოფის სიკვდილით დასრულდა.

8 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.17 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

8 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1748 ლარი (7 აპრილი - ​3.1740​);
  • 1 ევრო - 3.4551 ლარი (7 აპრილი - 3.4295);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9110 ლარი (7 აპრილი - 3.9037);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2058 ლარი (7 აპრილი - 4.1547);
  • 1 თურქული ლირა - 0.4698​ ლარი (7 აპრილი - 0.4686).

7 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1750 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

6 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 16-ს შეადგენს.

ეროვნულმა არქივმა 8 ტიპის ცნობის დისტანციურად გაცემა დაიწყო

დღეიდან, 7 აპრილიდან, საქართველოს ეროვნულმა არქივმა ყველაზე მოთხოვნადი 8 სერვისის დისტანციურად გაცემა დაიწყო. ეს სერვისებია:

  • დაბადების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • ქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • განქორწინების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • გარდაცვალების შესახებ საარქივო ცნობა (1936 წლამდე არსებული მონაცემები);
  • კომლის შემადგენლობის შესახებ საარქივო ცნობა;
  • ქონებრივი უფლების დამადასტურებელი საარქივო ცნობა;
  • კოოპერატივში გაწევრების შესახებ საარქივო ცნობა;
  • დოკუმენტის არქონის შესახებ საარქივო ცნობა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს თანახმად, საჭირო საარქივო მომსახურების მისაღებად, დაინტერესებულ პირს შეუძლია განაცხადი გააგზავნოს ეროვნული არქივის ელექტრონულ ფოსტაზე, (services@archives.gov.ge) ან განაცხადი გააკეთოს ეროვნული არქივის ცხელი ხაზის დახმარებით (214 05 05).

განაცხადების მიღება იწარმოებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებული პირი მომზადებულ საარქივო ცნობას მიიღებს პირად ელექტრონულ ფოსტაზე. მოთხოვნის შემთხვევაში, მას პასუხი გაეგზავნება „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობითაც.

ნაზარბაევი ყაზახეთის ეკონომიკას 2008 წლის კრიზისზე უფრო ნეგატიურ შედეგს უწინასწარმეტყველებს

კორონავირუს COVID-19-ის პანდემია ყაზახეთის ეკონომიკაზე უფრო მძლავრ ნეგატიურ გავლენას მოახდენს, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისი, - აცხადებს ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი.

მისი ამ განცხადების ფონია წინა დღით მომხდარი ინციდენტი, როდესაც ყაზახეთის მოქალაქეები შტურმით შეეცადნენ ბანკების ფილიალებში შეჭრას და კორონავირუსის გამო სამუშაოსა და ბიზნესის დაკარგვის სანაცვლოდ, მთავრობის მიერ დაპირებული შემწეობის მიღებას. ერთჯერადი ფინანსური შემწეობა ერთ სულზე $95-ს შეადგენს.

„ახლავეა საჭირო იმაზე ფიქრი, თუ რას გავაკეთებთ ამის შემდეგ. ეკონომიკა შემცირდება. ალბათ, უფრო რთული მდგომარეობა იქნება, ვიდრე 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს“, - აღნიშნა ნურსულთან ნაზარბაევმა 7 აპრილს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან შეხვედრის დროს.

ნაზარბაევი მიიჩნევს, რომ ეპიდემიის პიკს ჯერ არ ჩაუვლია, ამიტომ მთავრობას დაავალა ყურადღება გაამახვილონ მოსახლეობის სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებაზე. თავად ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი და ქვეყნის საპატიო ლიდერი აპირებს საგანგებო წერილით მიმართოს ქვეყნის მოსახლეობას.

„დღეს მთელ მსოფლიოს უჭირს. ამიტომ საჭიროა გამოვავლინოთ გამძლეობა და მოთმინება, შევინარჩუნოთ ერთმანეთის პატივისცემა“, - განაცხადა ნაზარბაევმა.

მანამდე ნაზარბაევმა 20 მარტს გააკეთა პირველი მიმართვა კორონავირუსთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ყაზახეთის პირველმა პრეზიდენტმა ბიზნესმენებს თანხების სპეცფონდში შეტანისკენ მოუწოდა, მოსახლეობა კი გააფრთხილა, რომ მოემზადონ „მკაცრი ეკონომიისთვის“.

7 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსის ინფექციით ყაზახეთში დაავადებულია 685 კაცი. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.

ახალციხის ბაზარში მუშაობა სამმა სექციამ განაახლა

ახალციხის ბაზარში დღეს მუშაობა სურსათის, შხამქიმიკატებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის სექციებმა განაახლა. ბაზარში უსაფრთხოების ნორმების დაცვას მონიტორინგს უწევს ახალციხის მერია.

ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბაზრის დირექციის გადაწყვეტილებით, ბაზრის გარე პერიმეტრზე ვაჭრობა მთლიანად აიკრძალა.

მუშაობენ მხოლოდ შენობის შიგნით განთავსებული მოვაჭრეები და მაღაზიები, სადაც შესვლა ასევე სამი კაცის რეგულაციის დაცვით ხდება.

ახალციხის მუნიციპლიტეტში ამ დროისათვის მხოლოდ ეს ერთი ბაზარი ფუნქციონირებს. აღნიშნული ბაზარი 29 მარტს ხალხმრავლობის ნორმების დაუცველობის გამო 15 000 ლარით დაჯარიმდა, 4-5 აპრილს კი სადეზინფექციო სამუშაოებისთვის დაიხურა.

ახალციხის მერის, ზაზა მელიქიძის განცხადებით, აღნიშნული ბაზრის ფუნქციონირების გაგრძელების, ისევე როგორც სხვა ბაზრების ამუშავების შესახებ გადაწყვეტილება, ვითარების შესაბამისად, რეგიონისა და ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით იქნება მიღებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG