Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საპატრიარქო იერუსალიმის პატრიარქის ორგანიზებულ შეკრებას არ დაესწრება


საქართველოს საპატრიარქო მონაწილეობას არ მიიღებს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის მიერ დაგეგმილ კრებაში.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, ფეისბუკის გვერდზე აქვეყნებს პატრიარქ ილია მეორის წერილს. წერილში ნათქვამია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები თავს შეიკავებენ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის, თეოფილე III-ის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მონაწილეობისგან. ამ შეხვედრაზე მართლმადიდებლურ სამყაროში არსებული პრობლემები უნდა განეხილათ.

შეხვედრაში, სხვადასხვა მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე. შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს მსოფლიო პატრიარქი.

„კარგად გვესმის, რომ თქვენი მცდელობა განპირობებულია ეკლესიის ერთობისათვის ზრუნვით და ჭრილობების მოშუშების სურვილით, თქვენი წერილიდან ჩანს ისიც, რომ ძალისხმევა არ დაგიკლიათ, რათა მსოფლიო პატრიარქს მიეღო მონაწილეობა შეხვედრაში, მაგრამ ვინაიდან მან და ზოგიერთმა ეკლესიის მეთაურმაც არ ისურვეს ეს, იმ მიზანს, რაც თქვენ გაქვთ, და რაც ყველა ჩვენგანის სურვილიცაა, შესაძლოა დაბრკოლებები შეექმნას“, - ნათქვამია პატრიარქის წერილში, რომელსაც ანდრი ჯაღმაიძე ფეისბუკზე აქვეყნებს.

წერილის მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განპირობებულია იმით, რომ მას ყველა ეკლესია არ დაესწრება.

„ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურთა სინაქსისი განხორციელდება და ეკლესიური კანონიკური ნორმების დაცვით შეფასდება ის თემები, რაც აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს. ამასთან, რაც მალე მოხდება ეს, უმჯობესია ყველასთვის“, - ნათქვამია წერილში.

უფრო ადრე, „რელიგიის ექსპერტთა ასოციაციის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ნათქვამი იყო, რომ შეკრება მსოფლიო პატრიარქის, ბართლომეოს I-ის (არქონტონისი) ავტორიტეტის დაკნინებას და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის უკანონოდ ცნობას ემსახურება.

„ე.წ. იოარდანიის კრების გამართვა საეჭვოდ უკავშირდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების გახშირებულ ვიზიტებს იერუსალიმის საპატრიარქოში“, ხოლო „საეკლესიო კანონიკის მიხედვით საერთო მართლმადიდებლური კრების მოწვევის უფლება გააჩნია მხოლოდ კონსტანტინეპოლის (მსოფლიო) პატრიარქს და არა სხვა რომელიმე ეკლესიის მეთაურს“.

აქედან გამომდინარე, ასოციაცია დაუშვებლად მიიჩნევდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონაწილებას ამ შეკრებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG