Accessibility links

site logo site logo

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გამოსვლა საბჭოთა კავშირის ჰიმნით შეაწყვეტინეს


საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, დარბაზში შევიდნენ და საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს დეპუტატებმა „ევროპული საქართველოდან“ ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა. ისინი დარბაზიდან მალევე გაიყვანეს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა.

„აი, ისინიც გამოჩნდნენ, ტაშით მივესალმოთ“, - განაცხადა პარლამენტის ტრიბუნიდან არჩილ თალაკვაძემ.

„ნახეთ, საწამლავიც არ ჰქონდეთ შემოტანილი სკუნსებს“, - ამ რეპლიკით გამოეხმაურა აქცია-პერფორმანსს სხდომის წამყვანი გია ვოლსკი. „დაემთხვა, იცით, თქვენ ახსენეთ ოკუპაცია და სწორედ რუსეთის ჰიმნით შემოუერთდნენ“, - მიმართა ვოლსკიმ თალაკვაძეს, რომელიც მანამდე საუბრობდა რუსული ოკუპაციის გამო საქართველოს წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".

პარლამენტის საქმიანობის შესახებ არჩილ თალაკვაძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას ესწრებიან საქართველოს მთავრობის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG