Accessibility links

logo-print logo-print

მაჩალიკაშვილი: „ქართულ ოცნებასაც მივმართავ, გამომიყონ ახალგაზრდები ხელმოწერების შესაგროვებლად“


პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. მან დღეს, 19 თებერვალს ბანერი მეტროსადგურ „რუსთაველთან“ დადგა. როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი „რადიო თავისუფლებას“ ეუბნება, ის ამ ბანერით სხვადასხვა მეტროსადგურთან მივა და შეაგროვებს ხელმოწერებს, მარტიდან კი მისი ძირითადი ადგილი ისევ პარლამენტის წინ იქნება.

ხელმოწერების ბანერი მეტროსადგურ "რუსთაველთან"
ხელმოწერების ბანერი მეტროსადგურ "რუსთაველთან"

„ხელმოწერები შეგროვდება და პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიაც შეიქმნება. უნდა ეს თუ არა ხელისუფლებას, მე არ მაინტერესებს. დღეს საქართველოში თითოეულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რა ხელისუფლება გვყავს, რა გზით ებრძოდნენ მაჩალიკაშვილს და რა აქვთ მის წინაშე ჩადენილი, მე ამისთვის ვიბრძვი“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მაჩალიკაშვილის თქმით, ხელმოწერების შეგროვების პროცესში, პანკისის ხეობიდან ჩამოსული ახალგაზრდები და გაერთიანებული ოპოზიციის წევრები დაეხმარებიან. თხოვნით მიმართავს „ქართულ ოცნებასაც“:

„რახან ქართული ოცნება მებრძვის მე, მათაც მოვთხოვდი, რომ პარტიიდან დახმარებისთვის გამომიყონ ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი. თუ რა თქმა უნდა შეასრულებენ ჩემ თხოვნას. დანარჩენი, გაერთიანებული ოპოზიციის პარტიებიდან, პლუს ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან არის ახალგაზრდების დიდი სურვილი და მთელი საქართველოს მასშტაბით ისინიც გააგრძელებენ ხელმოწერების შეგროვებას“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ხელმოწერების განახლების შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:03:44 0:00

პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა დასახელდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ორ წელიწადზე მეტია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიებას მოითხოვს. ოჯახს პარლამენტის შენობის წინ კარავი და ბანერი თვეების განმავლობაში ედგა. თბილისის მერიამ, ახალი წლის წინ, მათი კარავი სხვა საპროტესტო კარვებთან ერთად აიღო და იქ საბავშვო ატრაქციონები დადგა. მოგვიანებით კი, პარლამენტის წინა ტერიტორია შემოღობეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG