Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფონდი ქართუ“: განულებული ვალების პროგრამაზე არასწორი  ინფორმაცია ვრცელდება


საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ ვალების განულების პროგრამის შესახებ „ფეისბუკში“ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

„რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელებში განულებული ვალების პროგრამის შესახებ არასწორი ინფორმაცია ვრცელდება. ვაცხადებთ, რომ 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუს“ მიერ, ერთჯერადი სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში, განხორციელდა ფიზიკური პირების პრობლემური ვალდებულებების შესყიდვა საქართველოში მოქმედი 55 ფინანსური ინსტიტუტისგან. აღნიშნული სესხების შეძენის მიზანს მისი შემდგომი პატიება წარმოადგენდა, რაც განხორციელდა კიდეც. შეძენილი პორტფელის მოცულობიდან გამომდინარე, პატიების პროცესი გრძელდებოდა 2019 წლის განმავლობაში და ეტაპობრივად ხდებოდა შესაბამისი საკრედიტო სტატუსის ასახვა სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოს“ ბაზებში“, - ნათქვამია „ფონდი ქართუს“ განცხადებაში.

ფონდი აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე შეძენილი სესხების პატიება განხორციელებულია სრულად, იმ ფიზიკური პირებისთვის, ვისი სასესხო ვალდებულება და მონაცემებიც მოწოდებული იქნა ამა თუ იმ ფინანსური თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან და აღარ არსებობს აღნიშნულ ვალდებულებებზე რაიმე სახის მოთხოვნის უფლება.

შესაბამისად, „ფონდი ქართუ“ მიიჩნევს, რომ ყველანაირ საფუძველს მოკლებულია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფონდი გეგმავს ან ახორციელებს აღნიშნული სესხების დაფარვის მოთხოვნას. „ფონდი ქართუ“ აღნიშნავს, რომ მან სრულად შეიძინა 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში ფინანსური ინსტიტუტების მიერ შერჩეული და გადმოცემული სესხები, შესაბამისად, თუ რომელიმე პირის ვალდებულებები ვერ მოხვდა სოციალური სოლიდარობის აქტის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში, როგორც ფონდი მიუთითებს, ის მოკლებულია შესაძლებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით გააკეთოს რაიმე კომენტარი ან აიღოს პასუხისმგებლობა.

ადვოკატმა მარიკა არევაძემ „ვალების განულების“ პროგრამის შესახებ „ფეისბუკზე“ დაწერა.

„ამ კვირაში უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ამომღები კომპანიები უკავშირდებიან ადამიანებს იმ ვალების ამოღებაზე, რომელიც წესით „ქართუ ფონდმა" გაანულა vali.ge -ს საიტით!!!

ერთი შემთხვევა უკვე სასამართლოშია, ანუ „ქართუ ფონდის“ მიერ განულებულ სესხზე სარჩელი სასამართლოშია გამსესხებლის მიერ შეტანილი; ორი შემთხვევა ჯერ სატელეფონო კონტაქტის დონეზეა“, - წერს ადვოკატი. ამასთან, არევაძემ აღნიშნა, რომ vali.ge-ს ვებგვერდი არ მუშაობს და არავის აქვს „განულების“ ცნობა.

„ფონდმა ქართუმ“ ვებგვერდ vali.ge-ს გათიშვის საკითხიც განმარტა.

„როგორც თავიდანვე იყო გაცხადებული (მათ შორის მითითებული იყო საიტზეც), ის იფუნქციონირებდა მხოლოდ პროგრამის ფარგლებში და შესაბამისად, დაიხურა 2019 წლის ბოლოს. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი ან სხვა პირი ითხოვს ჩვენ მიერ შეძენილი სესხების დაფარვას, მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებს, თავიანთი აქტიური ვალდებულებების სტატუსი გადაამოწმონ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფოში“, - აცხადებს „ფონდი ქართუ“.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ბიძინა ივანიშვილის „ქართუ ფონდმა“ „ვალების განულების“ დაპირება გასცა.

შემაჯამებელ ანგარიშში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ბიურომ (ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გამოაქვეყნა, „ვალების განულების“ პროგრამა უარყოფითად არის შეფასებული.

დოკუმენტის თანახმად, 600 000-მდე მოქალაქისთვის საფინანსო ორგანიზაციების წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა, ODIHR-ის რესპონდენტებმა შეაფასეს საარჩევნო და სისხლის სამართლის კოდექსებით აკრძალულ ამომრჩევლის მოსყიდვად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG